საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, სომალელი მეკობრეები დაკავებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად არარეალურ თანხებს ასახელებენ.
როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართული მხარე მეკობრეებთან მოლაპარაკებებში არ მონაწილებს და მათთან ძირითადი კავშირი გემთმფლობელი კომპანიას აქვს. ის თანხები, რაც სომალელმა პირატებმა დასახლეს არარეალურია და მას კომპანია ვერ გადაიხდის.
ამის გათვალისწინებით ქართველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისთვის, რომელთა შორის ქართველებიც არიან, სომალელ მეკობრეებთან მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე.
გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა.
როგორც ცნობილია, 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.