საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით საქართველოს ნაკრები მალტასთან თამაშში სიურპრიზებს მოერიდება და დაცვის ნაცვლად შეტევაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც ქეცბაიამ სასტუმრო "ბომონდ გარდენში" გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა, გუნდი 8 ოქტომბერს მალტასთან ჩასატარებელი შეხვედრისთვის მოსაგებად იბრძოლებს.
"საქართველოს ნაკრები მალტასთან მატჩს სერიოზულად ეკიდება. ჩვენი მიზანია მოვიგოთ ეს შეხვედრა. აქამდე თუ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით საბერძნეთთან და ისრაელთან, 8-ში აუცილებლად შეტევაზე ორიენტირებული თამაში იქნება", - განაცხადა ქეცბაიამ.
ქეცბაია შეეხო ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრის მიერ ფეხბურთელების კრიტიკასაც. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ბოლო 5 თამაშია არ წაუგია და ეს ნათლად ასახავს, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან. მან ყველას მოუწოდა, რომ ფეხბურთელების კრიტიკისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მალტის ნაკრებს 8 ოქტომბერს "ბორის პაიჭაძის" ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდება. აქამდე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში საქართველომ ორი შეხვედრა გამართა. სტუმრად საბერძნეთთან ქართველებმა 1:1 ითამაშეს, ხოლო შინ ისრაელთან - 0:0.