2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა 6 მილიარდ 960 მილიონი ლარით, საიდანაც 5 მილიარდ 300 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებია, რაც მთლიანი ბიუჯეტის 76%-ს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის მიხდევით, განსაზღვრულია 2011 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 29%-ის ფარგლებში. ეტაპობრივად გაგრძელდება მისი შემცირება და 2013 წლისთვის იგი არ გადააჭარბებს მშპ-ს 25%-ს.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა მთავრობის ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და დოკუმენტში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები.
შესაბამისად, დეფიციტი პროცენტულად მშპ-ს თან 6.3%-დან 2011 წელს შემცირდება 4.3%-მდე. მთავრობის პოლიტიკაა თავისუფლების ქარტიის შესაბამისად, შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი. 2013 წლისთვის იგი არ გადააჭარბებს 3%-ს.
ამავე დროს, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების ძირითადი ნაწილი კვლავ მიიმართება განათლების, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.