ხანტი-მანსიისკის 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველო ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მესამეზე, ვაჟთა ნაკრები კი 30 ადგილზე გავიდა.
საქართველოს ქალთა ნაკრები ტურნირის ჩემპიონის რანგში ეწვივნენ და ტურნირი 16 ქულით დაასრულეს.
ბოლო ტურში ქალები პოლონეთს დაუპირისპირდნენ და ყაიმი ითამაშეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს კიდევ ხუთი გუნდის დარად 16 ქულა მოუგროვდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით ყველას აჯობა და მე-3 ადგილზე გავიდა. ჩემპიონის ტიტული რუსეთის პირველმა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც 11-ვე მატჩის მოგება შეძლო, ვერცხლის მედლები კი 18 ქულით ჩინელებმა მოიპოვეს.
ქართველმა ქალებმა ტურნირი 7 მოგებით, 2 ყაიმითა და 2 მარცხით დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიას (4:0), ჩერნოგორიას (3.5:0.5), ყაზახეთს (3:1), აზერბაიჯანს (4:0), აშშ-ს (2.5:1.5), ჩინეთსა (2.5:1.5) და რუსეთის მე-2 გუნდს (2.5:1.5) აჯობეს, ტურნირის ბოლო ტურებში უკრაინასა და პოლონეთს დაუზავდნენ, რუსეთის პირველ ნაკრებთანა (1.5:2.5) და სერბეთთან (1.5:2.5) კი დამარცხდნენ.
ქართველ ვაჟებმა, რომლებიც ტურნირის სტარტზე ლიდერებში ტრიალებდნენ, თუმცა, ბოლო სამ ტურში მარცხი განიცადეს, სულ კი დასკვნით ექვს დღეს მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს და 13 ქულით ოცდამეათე ადგილამდე დაქვეითდნენ.
უკანასკნელ ტურში ინდოეთთან დაპირისპირებაში, თეთრი ფიგურებით ლევან ფანცულაიამ ნარაიან გეტა გოპალთან წააგო, ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი და მიხეილ მჭედლიშვილი კი დაზავდნენ და საქართველოს ნაკრები 1.5:2.5 დამარცხდა.
საბოლოოდ, ქართველ ვაჟებს 6 გამარჯვება, 1 ყაიმი და 4 მარცხი მოუგროვდათ. მათ ტაილანდს (4:0), სინგაპურს (4:0), მექსიკას
(2.5:1.5), ნორვეგიას (3.5:.0.5), ვიეტნამსა (3.5:0.5)
და ბელაორუსს (2.5:1.5)
აჯობეს, სომხეთთან ქულები გაიყვეს, უკრაინასთან
(1.5:2.5), საფრანგეთთან (1.5:2.5), ესპანეთთანა (1:3) და ინდოეთთან (1.5:2.5)
კი წააგეს.
ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები გახდა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად (8 მოგება, 3 ფრე) განვლო და 19 ქულით პირველობა არავის დაუთმო. ვერცხლის მედლები პირველ ნომრად განთესილ რუსეთის პირველ ნაკრებს (18 ქულა) ერგო, მესამეზე კი, დამატებითი მაჩვენებლებით, ისრაელი (17) გავიდა.