გვატემალის პრეზიდენტი ალვარო კოლომი აცხადებს, რომ ამერიკელმა ექიმებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ როდესაც სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაახლოებით 60 წლის წინ ასობით გვატემალელი გონორეითა და სიფილისით განზრახ დააავადეს.
ამის გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გვატემალის პრეზიდენტს პირადად დაურეკა და 1946-1948 წლებში ჩატარებული გამოკვლევებისათვის ბოდიში მოუხადა. ინფორმაცია ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამას გარდა, აშშ-ს უმაღლესმა ხელისუფლებამ, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა კეტლინ სიბელიუსმა აღიარა, რომ კვლევები ამერიკულ ფასეულობებს ეწინააღმდეგებოდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები 64 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ, რომ ამგვარი რამ ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნიღბის ქვეშ ტარდებოდა", _ნათქვამია კლინტონისა და სიბელიუსის ერთობლივ განცხადებაში.
გვატემალელებისაგან ხომ არავის მიუცია თანხმობა იმაზე, რომ მათზე ამგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ, ეს ადამიანები ფსიქიურად დაავადებულები ან პატიმრები იყვნენ. "ბი-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გვატემალის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი განრისხებული იყო მაშინ როდესაც ადამიანებზე ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ გაიგო.
ამ სამედიცინო ექსპერიმენტების პროგრამის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები მასაჩუსესის შტატის უელლსლის კოლეჯის პროფესორმა სიუზან რევერბაიმ აღმოაჩინა.
მისი თქმით, გვატემალის მთავრობამ ნება დართო ამერიკელ ექიმებს ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარებისა, თუმცა თავად ექსპერიმენტის მონაწილეებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რაში მონაწილეობდნენ და შესაბამისად არც თანხმობა ჰქონდათ მიცემული.
რევერბაის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ამერიკელი ექიმების მიერ დაავადებული იქნა 700 გვატემალელი გონორეითა და სიფილისით. ამისათვის გამოიყენებოდნენ ინფიცირებული მეძავები და ვირუსის შემცველი აცრები.
მედიკოსებს სურდათ გაერკვიათ, შეძლებს თუ არა პენიცილინი სიფილისის განკურნებას. ამ დროისათვის არც ერთ დაზარალებულს არავითარი კომპენსაცია არ მიუღია. უახლოეს მომავალში კი ისტორიის დეტალური გამოძიება დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები