ხვალ, 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 17 ქართველი დიზაინერი აქსესუარების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალ კოლექციებს და ექსკლუზიურ ნამუშევრებს გამოფენა-გაყიდვაზე გამოიტანს. გამოფენა-გაყიდვა 4-დღიანია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადახსვა დიზაინერის მიერ შექმნილი ტანსაცმლის, ფეხსაცმელის, ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარის უახლესი ხელნაკეთი მოდელები.
პროექტი კულტურის ცენტრ "მუზას" მიერ არის ორგანიზებული და ცნობილ დიზაინერებთან ერთად დამწყები დიზაინერების პოპულარიზაციას ემსახურება. როგორც "მუზაში აცხადებენ, ასეთი ტიპის გამოფენა გაყიდვა პირველად ეწყობა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ და შეაფასონ სხვადასხვა დიზაინერის კოლექცია, არამედ ადგილზე შეიძინოს დიზაინერების მოდელები.
"პროექტში 17 დიზაინერი მონაწილეობს, მათაგან ნაწილი საკმაოდ გამოცდილი და პოპულარულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. "მუზას", როგორც კულტურის ცენტრის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია მხარში დაუდგეს ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვან ადამიანებს და მათ თავის დამკვიდრებაში დაეხმაროს. ჩვენ სიამოვნებით დავუთმეთ დარბაზი და გავაერთიანეთ ეს ნიჭიერი ადამიანები. დარწმუნებულები ვართ, ბევრი გემოვნებიანი სტუმარი გვეწვევა და შეავსებს თავის გარდერობს აქ აღმოჩენილი საინტერესო ნივთებით. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი, წინასაახალწლოდ ისევ განმეორდება და რეგულარულ სახეს მიიღებს", - აცხადებს კულტურის ცენტრ "მუზას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნუკა ლეჟავა.
2-5 ოქტომბერს გამოფენილი იქნება ფატუნა გიორგაძის, ლიკა ყაზბეგის, ნინო კაჭარავას, მაია მიქაშავიძის, ზენკა და მარის, ნათია გაბაძის, ლაშა ჯოხაძის, თამარ სუჯაშვილის, ქეთი გაგნიძის, ეკა ბალანჩივაძის, ეკა ქორიძის, ნინო მახარობლიძის, თეო ოზელაშვილის, თეონა გაგლოევას, სალომე ქართველიშვილის, ეკატერინე ჩანჩიბაძის, ქეთი ჯოლოღავა, ანა გოგუაძის ნამუშევრები. დიზაინერები მეტწილად ყოველდღიური და საქმიანი ტიპის სამოსს გამოიტანენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზი საგანგებოდ ისე მოეწყობა, რომ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცეთ მათ მერ შერჩეული მოდელები გასახდელში, სარკის წინ მოირგონ. პირველად ამ გამოფენის ფარგლებში დიზაინერები ზენკა და მარი, ასევე ნათია გაბაძე მამაკაცის ფეხსაცმლის ხაზს წარმოადგენენ.
დიზაინერის ამპლუაში საზოგადოების წინაშე პირველად წარდგება სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი. გამოფენა გაყიდვაზე იგი აქსესუარებით წარსდგება.
"გამოფენაში როგორც დიზაინერი პირველად ვმონაწილეობ. ეს ჩემი დებიუტია. ამჯერად გამოფენაზე 5 კლასიკური ტიპის ქამარს წარმოვადგენ, რომლებიც სულს სხვადასხვა მასალითაა დამზადებული. ქამრებში გამოყენებული მაქვს სხვადასხვა ტექსტურის მატერიები და ტყავი. ვიმედოვნებ, ჩემი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდება და საზოგადოება ჩემს ნამუშევრებს დადებითად შეაფასებს", - აცხადებს ლიკა ყაზბეგი.
გამოფენა-გაყიდვა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" 2 და 3 ოქტომბერს ყველა მსურველს 13:00-იდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს, ხოლო 4-5 ოქტომბერს 18:00-იდან 21:00 საათამდე.