ზუგდიდში დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სოციალური სახლი გაიხსნა. 14 ბინიან სახლში 26 დევნილი და 16 ადგილობრივი პირი ცხოვრობს. ახალმობინადრეებს ბინის გასაღები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალური პროექტების მენეჯერმა მათიას ვაინგარდმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სრეჩკო ნიუმანიმ გადასცა.
პროექტის - „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ფარგლებში საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი) 80 ბინიანი 10 სოციალური სახლი აშენდა. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მიმდინარე სოციალური რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისკენ და ასევე ხელი შეუწყოს მთავრობის მცდელობას გააუმჯობესოს ყველა იძულებით ადგილნაცვალი ოჯახის საცხოვრებელი პირობები, როგორც ეს განსაზღვრულია "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა" და მის სამოქმედო გეგმაში.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერია შვეიცარიის მთავრობა, გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და იტალიის მთავრობა. ყველა სახლში ავეჯი იტალიის მთავრობამ შეიძინა.
მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე ყველა დევნილი ღირსეულ პირობებში უნდა ცხოვრობდეს: "რეგიონებში განსახლება გრძელდება. ეს იქნება შეუქცევადი პროცესი. ეს იქნება პროცესი, რომელიც აუცცილებლად ბოლომდე მივა და ყველა ადანიამი, რომელსაც თავშესაფარი არ გააჩნია დაკმაყოფილდება. დავეხმარებით ასევე სამუშაო ადგილების მოძებნაში."
მათიას ვაინგარდის თქმით, რომ არა წარმატებული თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თუ მომავალი თანამშრომლობა ასეთივე ნაყოფიერი იქნება, კიდევ ბევრი ადამიანი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით: „ახალაშენებულ სახლში 14 ოჯახი შევასახლეთ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საყოფაცხოვრებო ფართები უზრუნველყოფა არ არის დევნილთათვის მთავარი პრობლემების მოგვარების გზა, ეს მხოლოდ შუალედური გზაა მათი პრობლემების ნაწილის გადაწყვეტისა. ვფიქრობ, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიწყონ ცხოვრება. ასეთივე სახლები ჩვენ ავაშენეთ თბილისში, გორში, ქუთაისში და ბათუმში. იმედი მაქვს რომ მსგავსი პროექტები განხორციელება კვლავ გაგრძელდება."
მასალის გამოყენების პირობები