გზა თბილისიდან სვანეთამდე დამქანცველი და დაუსრულებელი წარმომედგინა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აქამდე, ჩემი სამშობლოს ამ ულამაზეს კუთხეს გეოგრაფიის გაკვეთილებიდან და სოციალურ ქსელში გავრცელებული ულამაზესი ფოტოებიდან ვიცნობდი. როდესაც ჩემი მეგობრები ჩვენი მთების დიდებულებაზე ალაპარაკდებოდნენ ვჩუმდებოდი, რადგან მოსაყოლი მწირი მქონდა. ამ 24-წლიანი გაუგებრობის საბოლოოდ დასრულება სს „ნენსკრა ჰიდრომ" გადაწყვიტა და სვანეთში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესებზე დასაკვირვებლად წამიყვანა.
ზუგდიდიდან ჭუბერამდე გზა სულ რაღაც 80 კილომეტრია, რომელიც მდინარე ენგურის კალთას მიუყვება. ეს წყალსაცავი ისეთ თვალწარმტაც პეიზაჟებს ქმნის, რთულია გულგრილად ჩავლა. მდინარის კამკამა, მომწვანო და შაბიამნისფერი ტონები, მთის ფერდობზე გახუნებულ ფოთლებთან საოცარ კონტრასტს ქმნის. ჩემი მოგზაურობის სწორედ ამ ნაწილიდან იწყება სამდღიანი გაკვირვებისა და ინსპირაციის თავბრუდამხვევი ისტორია.
ნენსკრა ჰესის პროექტის წარმომადგენლები გზადაგზა მიხსნიდნენ, რომ მთებში მოქცეული დახრამული გზა ეტაპობრივად აშენდება და ახლა, 45-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ კაშხალს დაუკავშირდება. გზის გარკვეული მონაკვეთი უკვე აშენებულია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი, ჩემი აზრით, ამ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.ჭუბერში შესვლისას შეამჩნევთ მდინარე ნენსკრას სანაპიროებს სადაც კომპანია 11 ხიდის აშენებას გეგმავს. დროებითი რკინისა და ხის ხიდები კი საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას.
სწორედ ამ დროებით ხიდზე გადავედით, რათა ჭუბერში ცინდელიანების საოჯახო სასტუმროში დავბანაკებულიყავით. ქუჩის ლამპებით განათებულ ვეებერთელა ეზოს შესანიშნავი სახლი ამშვენებდა, რომელიც ამ ოჯახის სტუმართმოყვარეობით კაშკაშებდა. მანქანიდან გადმოსულებს ჭუბერის კოლორიტი და ამ ოჯახის უფროსი, ბატონი მელორ ცინდელიანი შეგვეგება. ეს გულწრფელი და დაუფარავი კეთილშობილება კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდიდა ჩვენი გრძელი გზის კულმინაციას. ბატონი მელორის მეუღლე, ქალბატონი ლამარა ჩხვიმიანი საგულდაგულოდ გაწყობილი სვანური სუფრისკენ, რომელსაც კერძების დაგემოვნებამდე ეტყობოდა, რომ წინ დაუვიწყარი საღამო მელოდა. სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ დრო იყო ჩემი წარმოსახვა გვერდით გამეწია, რადგან ეს კუთხე იმაზე მეტს მთავაზობდა, ვიდრე ამას ჩემი ფიქრები გამოხატავდა...
დილაუთენია, ფანჯრიდან შემოპარულმა ნისლმა ძილბურანიდან გამომიყვანა. ხარბად ჩავისუნთქე სვანეთის ჯანსაღი ჰაერი და დაუყოვნებლივ გავემზადე დაუვიწყარ პეიზაჟებზე დასაკვირვებლად. დერეფანში ფეხაკრეფით გამოსულმა კარი ფრთხილად გავხსენი და გარეთ გავიჭყიტე. შემდეგ კი ჩემი მოქმედებები აღარ მახსოვს....
მზე ის იყო მთის წვერს ამოსცდენოდა. კაშკაშა სხივები კი ამ წალკოტის ყველა მკვიდრს, ცხოველსა თუ ფრინველს გამოღვიძებისკენ უხმობდა. ცაში ახედვისას თბილი სხივები სახეზე მეცემოდა და სიცივისგან გათოშილ ძვლებს მიხურებდა. ეს ალბათ სვანური დილის ერთი ჩვეულებრივი საწყისი იყო, თუმცა ამ მხარეში პირველად მოხვედრილი ადამიანისთვის, ბუნების მიმართ უალტერნატივო სიყვარულისა და პატივისცემის გაჩენის წინაპირობა გახდა.
ოთხმხრივ მთის კალთებში მოქცეული ცინდელიანების მამული თონეში ჩაკრული ჭვავის პურივით გიზგიზებდა. მზის სხივები ათასფრად შეფერილ ხეების ფოთლებს ათბობდა, შემდეგ კი მდელოზე ეცემოდა. ფერდობზე დაბჯენილი სინათლე სუსხიანი ღამის პირმშოს, ცვრიან ბალახს ეწებებოდა. მოვლილი და კოხტა გაზონის ოხშივარი კი კვლავ ჰაერში იფანტებოდა.
აღარც მახსოვს, როგორ გამოვერკვიე ამ თავბრუდამხვევი ფიქრებიდან, როდესაც ჩვენ უკვე ყარ-სგურიშის სკოლისკენ მივემართებოდით. ძველ, დრომოჭმულ შენობაში ათობით ნათელი წერტილი განათლების მისაღებად შეკრებილიყო. ნეტავ გენახათ რა გულმოდგინედ იყვენ ჩართულნი სასწავლო ფუსფუსში. დაკონკილი კედლები სავსე იყო ბავშვების ნახატებითა და საპრეზენტაციო თემებით. ამაყად გამოკრულ უკვე გახუნებულ ფურცლებზე კი პასტელის ფერები, გათბობის გარეშე მომუშავე სკოლაში მხურვალებას ღვრიდა.
ჩემი გაოცება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანების სიახლეების მიმართ დაუშრეტელმა ინტერესმა მიიქცია. სკოლის კედლებში შევხვდი პედაგოგებს, რომლებიც გაკვეთილების დასრულების შემდეგ საკლასო ოთახში შეკრებილიყვნენ და „ნენსკრა ჰიდროს" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შესაძლებლობას, ცოდნის გასაღრმავებლად და სიახლეების მისაღებად იყენებდნენ.
მაშინვე გამოველაპარაკე ხატია ჩხვიმიანს, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს უტარებდა. ხატიამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ სს ნენსკრა ჰიდროს მიერ დაფინანსებულ პროექტში ზაფხულიდან ჩაერთო და მას შემდეგ უამრავ ადამიანს ასწავლა კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება.
„მე ამ სკოლაში ვმუშაობ საქმის მწარმოებლად. ხშირად მიწევს კომპიუტერთან მუშაობდა და სწორედ ასე გავიგე, რომ „ნენსკრა ჰიდროს" ინფორმატიკის პედაგოგის ვაკანსია ჰქონდა. „ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით გავიარე ტრენინგ-კურსი და 2019 წლის ივნისიდან დავიწყე აქ მუშაობა.
ეს კურსი 60 სამუშაო საათისგან შედგება. ჩვენი ბენეფიციარები საოფისე პროგრამებს, მაიკრსოფტ ვოდსა და ექსელს შეისწავლიან. პროექტით სარგებლობენ სტუდენტები, პედაგოგები და სოფლად მცხოვრები მოხალისეები, რომლებსაც კომპიუტერული პროგრამების შესწავლა სურთ. ამ ეტაპზე რამდენიმე ჯგუფს ვამზადებ, ხოლო უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ ერთის გახსნა",- აღნიშნა ხატია ჩხვიმიანმა.
გაკვეთილის დასასრულს პროექტის ბენეფიციარს, ქალბატონ მთვარისა ფიფიას ვესაუბრეთ, რომელიც ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში დაწყებით კლასში ბუნებას ხოლო ზედა საფეხუზე ქიმიას ასწავლის.
საუბარში ქალბატონმა მთვარისამ აღნიშნა, რომ კომპიუტერის შესწავლა საგაკვეთილო მასალის კიდევ უფრო მეტად გასამდიდრებლად გადაწყვიტა.
„ამ პროექტის დახმარებით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შეგროვება შემიძლია. ვგეგმავ გაკვეთილებს, შემიძლია შევქმნა მასწავლებლის ელექტრონული პროტფოლიო, ვადგენ ცხრილებს, ვაკეთებ საგაკვეთილო პრეზენტაციებს. ამიტომ, აუცილებელია რომ დავეუფლო კომპიუტერს, ხოლო ჩვენი მასწავლებელი, ხატია ჩხვიმიანი ისეთი ფორმით გვაწვდის ახალ ინფორმაციას, რომ არავის უჭირს ათვისება",- აღნიშნა „ნენსკრა ჰიდროს" პროექტის ბენეფიციარმა.
ამ სკოლაში, კომპიუტერის კურსებთან ერთად, ინგლისური ენის შემსწავლელი შეხვედრებიც იმართება. უცხო ენის შემსწავლელ კურსებს მანანა მიქავა, ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ესწრება. მანანა ამ პროექტის მნიშვნელობაზე მესაუბრა და იმედოვნებს, რომ უცხო ენას მაღალ დონეზე შეისწავლის.
„ჩვენს ხეობაში შენდება ძალიან დიდი მასშტაბის ჰესი, რაც გამოიწვევს თავისთავად უცხოელი ნაკადის შემოდინებას. ინგლისური კი არის საერთაშორისო ენა და გამიადვილებს კომუნიკაციას იმ საზოგადოებასთან ვინც ამ სოფელში ამოვა. გარდა ამისა, ჩვენს ხეობაში ვითარდება გესთჰაუსები და სტუმრებთან კომუნიკაციის დროს აუცილებლად გამომადგება ეს უნარები.
ჯერჯერობით 2 სემესტრი ჩატარდა. დაიწყო დაწყებითი დონიდან და აუცილებლად გაგრძელდება. მინდა სერტიფიკატი მივიღო.
დაინეტერესება ძალიან მაღალი იყო. არამხოლოდ სკოლის მასწავლებლები, არამედ თემის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები და დასწრება იყო ძალიან მაღალი. ამიტომ, აქტიურობა ინტერესი და მოტივაცია არის ძალიან მაღალი",- აღნიშნა მანანა მიქავამ.
ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სვანეთის ბუნების მიმართ დაუფარავი აღფრთოვანებით შევედი, გამოსვლისას კი ჩემს გაკვირვებას ამ სოფლის მაცხოვრებელთა პროგრესული ხედვები, სამომავლო გეგმები და ინტერესი დაემატა. მოსახლეობა ღიაა სიახლეების, განვითარებისა და კულტურის შენარჩუნება-გამრავალფეროვნების ნებისმიერი შესაძლებლობის მიმართ. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც ბორის კახიანის სახელობის ჭუბერის კულტურის სახლის დირექტორს, ლალი ჩხეტიანს ვესაუბრე.
ამ ქალბატონის გულწრფელი სიხარული და აღფრთოვანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ შუაგულ ჭუბერში, ხმაურით მომავალი მდინარე ნენსკრას გვერდით, რეაბილიტაცია უტარდება მოსახლეობის სულისკვეთებით აშენებულ კულტურის სახლს. კომპლექსი სვანური ბუნების კეთილშობილებას ტრადიციული ჰანგების დაუვიწყარ მრავალხმიანობას სჩუქნის.
მდინარის პირას არსებული ხელოვნების ოაზისი, სოფელ ჭუბერში, ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს. მათი ოცნებების მხარდამჭერი კი სს „ნენსკრა ჰიდროა", რომელმაც კომპლექსის სრული რეაბილიტაცია საკუთარ თავზე აიღო.
ქალბატონმა ლალიმ კულტურის სახლის ყველა ოთახი მიჩვენა. არ დაეზარა და ზოგიერთი ქვის ისტორიაც კი მომიყვა. აღმოჩნდა, რომ ეს დაწესებულება მოსახლეობამ გასულ საუკუნეში საკუთარი ინიციატივით, სრულიად უსასყიდლოდ ააგო. სამშენებლო პროცესში ჩართული ქალები და მამაკაცები სოფლის 11 უბნიდან მორიგეობით, ერთობლივი ძალებით, სახლიდან მოტანილი მასალებით აგებდნენ ჭუბერის კულტურის სახლს. სწორედ აქ, ამ ხეობაში გამოიწრთო ლალი ჩხეტიანის მტკიცე სიყვარული სვანური კულტურისა და პოლიფონიის მიმართ და ამ საშვილიშვილო საქმეში ჩართულს იმედი აქვს, რომ აქ სვანეთის კულტურა და ტრადიციები რენესანსს მიეცემა.
„დიდი სურვილი გვქონდა, რომ ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავლისთვის აი ამ შენობაში ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს ისევე კომფორტულად ეგრძნოთ თავი, როგორც ქალაქის მაცხოვრებლებს. კომპლექსი აერთიანებს სპორტულ და შემოქმედებით დაწესებულებებს. ამ დარბაზებში უამრავი ათლეტი გაიზარდა, კულტურის ნაწილში კი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ უამრავ ანსამბლს ვუმასპინძლეთ, გვსტუმრობდა რეგიონების თეატრებიც. ჩვენი ადგილობივი გუნდები ყოველთვის იღებდნენ ამ კონცერტებში მონაწილეობას.
დღეიდან, როდესაც კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, იარსებებს სამუშაო პირობები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. იმედი მაქვს, რომ იქნება ზამთარში სითბო, ზაფხულში კი გაგრილება, რათა ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ეს კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება მათი მოღვაწეობისთვის",- აღნიშნა სვანეთის კულტურაზე შეყვარებულმა ლალი ჩხეტიანმა.
ამ კეთილშობილი ქალბატონის მიერ, კულტურის სახლში გულწრფელი მასპინძლობის შემდეგ გეზი კიდევ უფრო ზემოთ, სოფელ ზედა მარღისკენ ავიღეთ, რომელიც ერთ-ერთი სოფელია, სადაც "ნენსკრა ჰიდრო" მექანიზაციის პროექტს ახორციელებს.
მექანიზაციის პროექტი სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის მძიმე ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს. საგანგებოდ პროექტისთვის კომპანიამ მძიმე ტექნიკა გამოყო, რომლის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო" სრულად ფარავს. 2019 მარტიდან სექტემბრის ჩათვლით კომპანიამ მიიღო 109 ინდივიდუალური და 21 კოლექტიური განაცხადი და ყველა მათგანი დააკმაყოფილა. ჩვენ კი ამ პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს, ლამარა დევდერიანის ოჯახს ვესტუმრეთ.
„მე ზედა მარღის მკვიდრი ვარ და რაც ამ სოფელში ხდება ყველაფერი მეხება. სწორედ ამიტომ ვსარგებლობთ „ნენსკრა ჰიდროს" მიერ შემოთავაზებული ინიციატივით და უსასყიდლოდ ვიყენებთ მძიმე ტექნიკას ფუნდამენტის ამოსაღებად, თუ გზის გასასწორებლად. ამისთვის ჩვენ განაცხადი შეგვაქვს კომპანიაში. მექანიზაციის პროექტს, სოფლის მოსახლეობა აქტიურად იყენებს, რათა ააშენონ კოტეჯები და უმასპინძლონ ტურისტებს. ამ პროექტით მეც ვისარგებლე",- აღნიშნა დევდერიანმა, ხოლო შემდეგ საჩქაროდ, სვანური წესით გამომცხვარი ხაჭაპურებისკენ გაგვიძღვა.
იმ საღამოს, მე და ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობრებმა ბევრი ვისაუბრეთ ამ კუთხის სილამაზეზე, ტურისტულ პოტენციალსა და რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმებზე. შევთანხმდით, რომ მდინარე ნენსკრას ხეობა თავისუფლად შეძლებს საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების აღფრთოვანებას. ინფრასტრქტურის განვითარება კი ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო დააჩქარებდა.
სვანური მოგზაურობის დასასრულს, გამთენიისას ეზოში ფერხულისა და პოლიფონიის ჯადოსნურმა ხმებმა გამაღვიძა. ლამარა ჩხეტიანს სპეციალურად ჩვენთვის, დილაუთენია, ცინდელიანების ოჯახში ანსამბლი „ნენსკრა" შეუკრებია. ამ შესანიშნავმა ადამიანებმა, დაუვიწყარი დილა გვაჩუქეს. გვიმღერეს, გვიცეკვეს, უგემრიელესი ადგილობრივი კერძით თაშმეჯაბითა და სვანური ფეტვით გამომცხვარი ჭვიშტრით გაგვიმასპინძლდნენ, გზა დაგვილოცეს და დედაქალაქში გამოგვამგზავრეს.
ადამიანების უმრავლესობას დილით გაღვიძება უჭირთ და ცდილობენ რაიმე ფორმით განწყობა შეიქმნან. ამ საყოველთაო თავისტკივილს არც ჩემი დღის საწყისი აკლდება, თუმცა ცინდელიანების ოჯახისა და ლამარა ჩხეტიანის ანსამბლის დაუვიწყარი სტუმარ-მასპინძლოების შემდეგ, ყოველ დილით ბუზღუნის გარეშე ვიღვიძებ. დედაქალაქის დილის ხმაურში, ანსამბლი „ნენსკრას" კეთილხმოვანება ყურებში ჩამესმის და რამდენიმე წამით ვბრუნდები იქ, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ბუნება და საუკუნოვანი ტრადიციები...
თემურ ლეგაშვილი, საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"