დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, ისრაელში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის იოსებ (სოსო) ბარდანაშვილის მასტერკლასი "დიალოგი კომპოზიტორსა და რეჟისორს შორის" დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორცილდება.
ოთხდღიანი მასტერკლასის _ "დიალოგი კომპოზიტორსა და რეჟისორს შორის" _ ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან კინომუსიკის თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, დაეუფლებიან ფილმის ხმოვან რიგზე და "საუნდტრეკზე" მუშაობის პრინციპებს.
1995 წლიდან ისრაელში იოსებ ბარდანაშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამჯერად, საქართველოს იგი ეროვნული კინოცენტრისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ეწვევა.
იოსებ ბარდანაშვილი გახლავთ ცნობილი ქართული ფილმის "სიყვარული ყველას უნდა" კომპოზიტორი. 2009 წელს კი მისი მუსიკა აჟღერდა ფილმში "გაღმა ნაპირი", რომელმაც უდიდესი წარმატებით მოიარა საერთაშორისო კინოფესტივალები.