დღეს, ქვეყნისთვის დღის წესრიგის შექმნა მმართველ ძალას აღარ შეუძლია, არა თუ „ნაცებს“, - განაცხადა პარტია „ტრიბუნის“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, თუ „ოცნების“ უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჩააგდებს, ამით მხოლოდ იმას დააფიქსირებენ, რომ საზოგადოების წინაშე ვალდებულებას არ გრძნობენ და შესაბამისად, საზოგადოებასაც აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნება ზემოქმედება მოახდინონ იმ დეპუტატებზე, რომლებმაც მიცემული პირობა, მათ მიერ სისხლით მოპოვებული უფლება ასე დააიგნორეს.
„ისე, საზოგადოებრივი გაკიცხვის ბევრი სახეობა არსებობს. ისიც გვინახავს, სხვადასხვა ქვეყნებში, გამოუსადეგარ დეპუტატებს როგორ ტენიან ნაგვის ურნებში, ან მსგავსი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან და თუ „ოცნების“ არჩევანიც ეს იქნება, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მე მხოლოდ მივეხმარები ხალხს, მათ ეს შეურაცხყოფა აკადრონ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ რა აწყობთ, მემგონი თავად „ნაცებმა“ არ იციან. ასე რომ, ტყუილად ნუ იბრალებენ, მათ გარშემო დღის წესრიგი არც ტრიალებს და ეს არც შეუძლიათ. პრინციპში დღეს, ქვეყნისთვის დღის წესრიგის შექმნა მმართველ ძალას აღარ შეუძლია, არა თუ „ნაცებს“. ისე, 80 დეპუტატის მოგროვება თუ ასე უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაშინ მოსამართლეების სიასთანც პრობლემა უნდა ქონდეთ, ბიუჯეტის მიღებასთანაც და ზოგადად ბევრი სირთულე უნდა შეექმნათ, რადგან გამოდის, რომ რეალურად უმრავლესობა არ გვყოლია პარლამენტში და კრიზისული მდგომარეობა უნდა შეიქმნას“, - ამბობს ჭიჭინაძე.