კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ "ანტრეპრენერთან" (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას ეს ხედვა ათეული წლების წინ ჩამოუყალიბდა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ "ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა".
"ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით. თუმცა, ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა.
შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია", - თქვა ივანიშვილმა.