აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომელიც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ და სავარაუდოდ თანამონაწილენი არიან ფონდ "Hermitage Capital"-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებისა.
ამერიკელმა კონგრესმენებმა უნდა გადაწყვიტონ, აუკრძალონ თუ არა ამ ადამიანებს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლა და იქ ფინანსური ოპერაციების წარმოება.
სენატორმა ბენჟამინ კარდინმა და კონგრესმენმა ჯეიმს მაკგროვერნმა ეს სია ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში შეადგინეს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს. სიაში შეტანილია ყველა რუსული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი: "ეფ-ეს-ბეს", შს სამინისტროს, ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულების, ფედერალური საგადასახადო სამსახურის, გენპროკურატურის ასევე საარბიტრაჟო სასამართლოების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ გამოიტანა.
"სერგეის გარდაცვალებიდან აი უკვე მესამე წლის განმავლობაში, ამ დანაშაულის ძირითადი ფიგურანტები რუსეთის სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე იმყოფებიან. ცხადია, რომ ჩვენ რაღაც სამართლიანობის მიღწევა გვინდა ამ საქმესთან მიმართებაში და ამიტომაც ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი საკუთარი ზომები აშშ-ში", _ აცხადებს სენატორი კარდინი.
ხოლო, "Hermitage Capital"-ის ხელმძღვანელი უილიამ ბრაუდერი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ "აშშ-ში მათთვის ჩამოსვლის აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე გამყარება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მოწმობს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების გადაწყვეტილებას აქტიურად დაუჭირონ მხარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში".
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში შესვლისა და იქ ფინანსური ოპერაციების ჩატარების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მათ ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია მაგნიტსკის დაპატიმრებასა და საგამოძიებო იზოლატორში ჩასმაზე, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ამ სანქციების ქვეშ შეიძლება მოყვნენ ადამიანები, რომლებიც "თანამონაწილენი არიან საბიუჯეტო თანხების დატაცებაში, რომლებიც ფონდ "Hერმიტაგე"-ს რუსულმა კომპანიებმა გადასახადების სახის გადაიხადეს. სანქციების ქვეშ ასევე ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაემალათ იურისტის დაპატიმრებისა და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების ამბავი.
ამერიკული მედია, რამდენიმე ხნის წინ წერდა, რომ მაღალჩინოსანთა ამ სიას რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი უდგას სათავეში, რომელის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის იანვარში რუსეთის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ანიჩინი რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი 2006 წელს გახდა, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელთანაც ერთად ანიჩინი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
სენატორ კარდინის სიაში ასევე არიან: რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი და რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვორონინი. ამას გარდა, სიაში ასევე არიან რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მაღალჩინოსანი, პოდპოლკოვნიკი, შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი არტემ კუზნეცოვი. სწორედ მას ჰქონდა წარმოებაში მაგნიტსკის საქმე. სწორედ მას ადანაშაულებდა მაგნიტსკი ბიუჯეტიდან თანხების დატაცებაში. სიაში ასევე ფიგურირებს მაიორი პაველ კარპოვი, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტში მუშაობს. მის წინააღმდეგ ჩვენება "Hერმიტაგე ჩაპიტალ"-ის იურისტსაც აქვს მიცემული.
იმ შემთხვევაში თუკი კონგრესი მიიღებს ამ კანონპროექტს, რუსი ჩინოვნიკების არსებული ატივები გაიყინება, ხოლო მოქმედი ვიზები გაბათილდება. სანქციების მოქმედების ვადა იმ მომენტამდე გაგრძელება, ვიდრე აშშ-ს კონგრესში არ დარწმუნდებიან, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ "ჩაატარა მიუკერძოებელი გამოძიება მაგნიტსკის საქმეზე და დამნაშავე პირები მართლმსაჯულებას გადასცა", ასევე "აღიარა სერგეი მაგნიტსკის წვლილი კორუფციასთან ბრძოლაში შეტანილ საქმეში". აღნიშნული დოკუმენტის განხილვა ნოემბერში დაიწყება.
რუსეთში აშშ-ს ინიციატივას შეურაცხმყოფელი უწოდეს. "ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდარუსული საქმეა და გამომძიებლები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მუშაობენ", _ აცხადებს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა და დასძინა, რომ "მსგავსი ინიციატივა ქმნის დამატებით ზეწოლად გამოძიებაზე და იგი არამიზანშეწონილია და რუსეთის სამართალდამცავ სისტემას შეურაცხყოფს".
"ბი-ბი-სისათვის" მიცემულ ინტერვიუში სენატორმა კარდინმა ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტი "სერგეი მაგნიტსკის მისამართით მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ" მიმართულია კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ და არა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. მისივე თქმით, "იგი მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებსაც ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და რუსეთში საზოგადოებრივი ნდობის დარღვევის საქმეში".
მიუხედავად ყოველივე ამისა, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები არ მალავენ, რომ ამ მეთოდით ცდილობენ უბიძგონ რუსეთს ჩაატაროს დეტალური გამოძიება მაგნიტსკის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დამნაშავეები დასაჯოს.
"მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილეთ არის ის, რომ ამ ადამიანების დაუსჯელობა არღვევს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰელსინკის შეთანხმებებით თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს. ყველა ქვეყანას რომელმაც ხელი მოაწერა ჰელსინკის შეთანხმებებს, აქვს არა მხოლოდ უფლებები, არამედ ვალდებულებებიც ამგვარი ფაქტების შესახებ საზოგადოებას აცნობოს", _ აცხადებს სენატორი კარდინი.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სანქციების დაწესებას ასევე განიხილავს დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი. "დიდ ბრიტანეთში ჩამოსასვლელად "მაგნისტსკის სიაში" არსებულ პირებს, ისევე როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ. პრინციპში, დიდი ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა შესაძლოა მათ უარი უთხრან ვიზების მიცემაზე, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ პირების ყოფნა საზოგადოების კეთილდღეობისათვის არასასურველი იქნება", _ განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ შემთხვევას საერთაშორისო საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს. იმ შემთხვევაში თუკი ვარშავა ამ 60 ადამიანს "შავ სიაში" მოათავსებს, მაშინ ისინი არა თუ პოლონეთის ტერიტორიაზე ვერ შეძლებენ შესვლას არამედ მათ შენგენის შეთანხმების 24 -ვე ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციიდან გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდებული იურისტი სერგეი მაგნიტსკი საგამოძიებო იზოლატორში 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტში 1 აპრილს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარის ლიუდმილა ალექსეევას წერილი შევიდა, რომელშიც იყო მოთხოვნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ შს სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მაგნიტსკის საქმეს იძიებდნენ. სისხლის სამართლის საქმე გამომძიებლებისა და რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის სხვა თანამშრომელთა მიმართ აღიძრა, მოგვიანებით ეს საქმე დაიხურა, შემდეგ კი კვლავ განახლდა.