ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, მემარცხენე-ცენტრისტმა ალბერტო ფერნანდესმა.
ალბერტო ფერნანდესმა ხმების 48% მოიპოვა და დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე, კონსერვატორი მაურისიო მაკრი.
არგენტინის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ხმების 45%-ის მოპოვებას შეძლებს, ან 10%-ით დაჯაბნის მეტოქე კანდიდატს.
საპრეზიდენტო არჩევნები ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ აღიარა დამარცხება, გამარჯვება მიულოცა არჩეულ პრეზიდენტს და მიიწვია პრეზიდენტის სასახლეში ძალაუფლების გადაცემის ფორმალური ცერემონიისათვის.
როგორც საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, გამარჯვებით აღტაცებულმა არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის აუცილებლად ითანამშრომლებს ყოფილ პრეზიდენტთან.
მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ არჩევნების შედეგებით ახალი არგენტინა დაიბადება.