ბანგლადეშის სასამართლომ 16 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვის გამო.
ნუსრათ ჯაჰან რაფი 2019 წლის აპრილში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
შემთხვევა სკოლაში მოხდა. ამ შემთხვევამდე ორი კვირით ადრე მან სკოლის დირქტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა.
19 წლის ნუსრათი მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და რამდენჯერმე სხეულზე არასათანადოდ შეეხო. გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა.
ბანგლადეშში გოგონები და ახალგაზრდა ქალები უმეტესად მალავენ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტებს, რათა საზოგადოების ან ოჯახის მხრიდან შერცხვენა თავიდან აირიდონ.
ნუსრათ ჯაჰანმა კი პირიქით, არამხოლოდ აღიარა ეს ფაქტი, არამედ პოლიციასაც მიმართა, იმავე დღეს, როდესაც მის მიმართ სექსუალური შევიწროება მოხდა.
იმავე დღეს დააკავეს სკოლის დირექტორი. თუმცა გოგონასთვის ვითარება უფრო დამძიმდა. ქუჩებში შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციების ორგანიზება ორმა სტუდენტმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც. ხალხი ნუსრათ ჯაჰანს ადანაშაულებდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ გოგონას უსაფრთხოების გამო ძალიან ღელავდნენ.
ამასთან, 6 აპრილს, გოგონა სკოლაში წავიდა, გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად.
"ვცდილობდი ჩემი დის გაცილებას და სკოლის შენობაში მასთან ერთად შესვლას, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს", - ამბობდა ნუსრათის ძმა მაჰმუდ ჰასანი.
"რომ არ შევეჩერებინეთ, მსგავსი რამ ჩემს დას არ დაემართებოდა", - თქვა მან.
ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ ნუსრათი სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანა. როდესაც ნუსრათი სახურავზე ავიდა, ოთხი, ხუთი ადამიანი მიუახლოვდა და დირექტორის წინააღმდეგ საჩივრის გატანა მოსთხოვა. როდესაც ნუსრათმა უარი თქვა, მათ გოგონა დაწვეს.
ნუსრათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ნუსრათის სიკვდილმა პროტესტები გამოიწვია, სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აღშფოთებას გამოთქვამდა ნუსრათის მკვლელობისა და ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის გამო.
პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის, სკოლის დირექტორი. შვიდი მათგანი მკვლელობაში იყო ბრალდებული. დაკავებულთა შორის ორი სტუდენტია, რომლებმაც დირექტორის მხარდასაჭერი აქციები გამართეს.