სიღნაღში მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 30-მდე ადამიანი, რომლებიც სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულნი, სამშენებლო კომპანია „თბილისისგან" კუთვნილ ხელფასს მეათე თვეა უშედეგოდ ითხოვს.
აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ახალი მემარჯვენეების" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ხუციშვილმაც გამოუცხადა. „სიღნაღის გამგებელმა მუშებს ხელფასების გადახდის პირობა მაისში მისცა, მაგრამ მოატყუა. ხალხი ლუკმა - პურის გარეშეა დარჩენილი, ამუშავეს და ანაზღაურებას არ აძლევენ. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ხელფასს არ იხდიან, „ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის და მისი დამფუძნებლები პარლამენტში სხედან, მამუკა ჩარკვიანის სახით, თორემ ამ ხელისუფლებას იმდენად კარგად ეხერხება ბიზნესის დაწიოკება, აქამდე თანხებს ათჯერ გადაახდევინებდნენ", - განაცხადა ხუციშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
სამშენებლო კომპანია „თბილისის" გენერალური დირექტორის გონელი ყურაშვილის განცხადებით, სახელფასო დავალიანებები არსებობს, ოღონდ მათი გადასახდელი არ არის. „სიღნაღის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ ჩვენს მიერ დაქირავებული სხვა ორგანიზაციები და ვალებიც მათ უნდა გაისტუმრონ", - აღნიშნა ყურაშვილმა.