მაროკოელი ჟურნალისტი, ჰაჯარ ჰაისოუნი, გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ პოლიციამ მეუღლესთან ერთად დააკავა. მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების, Akhbar Al-Yaoum daily-ის ჟურნალისტი "უკანონო აბორტის გაკეთებისთვის" დააკავეს.
28 წლის ჰაისოუნი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ საავადმყოფოს შინაგანი სისხლდენის ნიშნებით მიმართა.
Akhbar Al-Yaoum daily-ის ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია „პოლიტიკური დევნა“. მისი თქმით, პოლიციამ გამოკითხვაზე ოჯახისა და მისი სამსახურეობრივი საქმიანობის, მათ შორის პუბლიკაციების შესახებ შეკითხვები დაუსვა.
სასამართლოში გამოტანილი ვერდიქტით, ერთი წლით დააკავეს ჟურნალისტი და მისი მეუღლე, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ექიმს, რომელმაც „უკანონო აბორტი გააკეთა“. სასამართლომ საავადმყოფოს კიდევ ორი თანამშრომელი სცნო დამნაშავედ, თუმცა მათ შინაპატიმრობა მიესაჯათ.
Human Rights Watch-ის რეგიონალურმა დირექტორმა აჰმედ ბენჩემისმა გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
„მაროკოს დამოუკიდებლობისთვის ეს არის შავი დღე. ვერდიქტი არის ბუნდოვანი, არასამართლიანი და ადამიანის უფლებების უხეშად შემლახავი. ეს არის გალაშქრება ადამიანის თავისუფლებაზე“,- განაცხადა ბენჩემისმა.
ჟურნალისტის ადვოკატი გაოგნებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და ვერდიქტის გასაჩივრებას შემდგომი ინსტანციის სასამართლოში აპირებს.