ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ქვეყნის პრეზიდენტის უგო ჩავესის სოციალისტური პარტია პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. სოციალისტებმა 90 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ოპოზიციამ 59 მანდატის მოპოვება შეძლო. ამის შესახებ განცხადება ვენესუელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ტიბისეი ლუსენამ გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩავესის პარტია პარლამენტში უმრავლესობით შედის, მათ მაინც ვერ მოახერხეს საერთო მანდატების ორი მესამედის მოგროვება, რასაც უგო ჩავესი გეგმავდა. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გარემოება სოციალისტებს ხელს შეუშლის დაამტკიცონ ჩავესის მიერ ინიცირებული რამდენიმე სოციალური პროგრამა.
არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ეთანხმება ერთიანი ოპოზიციური კოალიცია, რომლის ლიდერის რამონ აველედოს განცხადებითაც, ოპოზიციამ ხმების 52% მიიღო და შესაბამისად პარლამენტში უმრავლესობით სწორედ ისინი უნდა შევიდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 66%-მა მიიღო.
ცნობისათვის: წინა მოწვევის პარლამენტში ჩავესის პარტიას 137 წარმომადგენელი ჰყავდა, რადგან ოპოზიციამ 2005 წელს, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში არ შევიდა.