დღეს გორში საქართველოსთვის თავდადებულ შვილთა მემორიალი გაიხსნა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მემორიალი აკურთხა და პარაკლისი აღავლინა. ღონისძიებას სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამხედრო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
"კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თავი დადო ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის. დღევანდელ დღეს ჩვენში იმედი უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე მწუხარება. ამ დღემ ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს არამარტო ერთმანეთთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან. ეს ჯვარი ჩვენ ერთად უნდა აღვმართოთ როგორც სიმბოლო ბოროტებაზე გამარჯვებისა და ერთად ვიზეიმოთ მშვიდობა და საქართველოს ერთიანობა," განაცხადა მეუფე ანდრიამ .
"დასრულდა მემორიალის მშენებლობა, რომელიც მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გაკეთდა და რომელიც კიდევ ერთხელ მოგვაგონებს ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ გმირებს, რომლებიც იყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები", _ აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა.
მემორიალი წარმოადგენს ბაზალტის ფილებით მოწყობილ პიედესტალზე ბოლნური ქვით შემოსილ 8 მეტრიან სვეტს, რომელზეც ამოკვეთილია ბოლნური ჯვარი და ჩუქურთმები. მემორიალი მეუფე ანდრიას ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაკეთდა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსათვის დაღუპული რაინდების" სახელობის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი აფხზეთში დაღუპულ 78 მებრძოლის ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა სამსახურმა სასურსათო პაკეტები გადასცა.