მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობაზე დაწესებულ ათთვიან მორატორიუმს დღეიდან ვადა გაუვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოქალაქეებმა საზეიმო ღონისძიებები გამართეს. ისრაელის დასახლება რევავაში 1,500-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე შეიკრიბა, ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მშენებლობების პროცესის განახლებას ითხოვდნენ.
აღნიშულ აქციაში ისრაელის პარლამენტის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. აქციებს წინ უსწრებდა ინციდენტი, რომელიც მორატორიუმის დასრულების შემდეგ, გუშინ ღამით მოხდა. უცნობმა პალესტინელმა ისრაელის ორი მოქალაქე დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები ცოლ-ქმარნი იყვნენ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო.
მორატორიუმის დასრულების შემდეგ, კომენტარები გააკეთეს პალესტინის და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანეაჰუმ მიუხედავად მორატორიუმის დასრულებისა, მაჰმუდ აბასს მოუწოდა, არ გაემიჯნოს მოლაპარაკებების პროცესს. მისი თქმით, ისრაელი და პალესტინა ახლოს არიან ისტორიული შეთანხმების გაფორმებასთან და უმჯობესი იქნება თუ მხარეები უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე დასახლებების მშენებლობაა.
თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში თუ ისრაელი დასახლებების მშენებლობვას გააგრძელებს, მოლაპარაკებების პროცესი დროის კარგვა იქნება".
"ისრაელმა არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობასა და დასახლებების მშენებლობას შორის", - განაცხადა აბასმა.
ცნობისთვის, პალესტინა ისრაელს მორატორიუმის გაგრძელებას სთხოვს.
როგორც ცნობილია, პალესტინელებსა და ისრაელს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მშენებლობაა. პალესტინური მხარე ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლების მთავარ პირობად სწორედ მშენებლობის შეწყვეტას ასახელებდა. იმავეს მოითხოვდა ისრაელისგან ამერიკის ადამინისტრაცია. ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 თვის წინ გასცა განკარგულება, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობაზე 10-თვიანი მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს. ისრაელის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე ახალი მშენებლობების ნებართვები 10 თვის განმავლობაში არ გაიცემოდა, თუმცა მუნიციპალურ შენობებზე და დაახლოებით, 3 ათასამდე ბინაზე, რომელთა მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, ეს შეზღუდვა არ გავრცელდა. როგორც მაშინ ისრაელის ხელისუფლებაში განმარტეს, პრემიერის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურებოდა.
ცნობისათვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევა და მასზე დასახლებების მშენებლობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონობაა. სადავო მიწებზე ამ დროისთვის ასზე მეტი დასახლება მდებარეობს, რომლებშიც, საერთო ჯამში, თითქმის ნახევარი მილიონი ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელის პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს "გაყინვას" უწოდებენ.