"ლეიბორისტები" ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის შექმნის ინციატივით გამოდიან. მათი ინიციატივის მიხედვით, ქართულ-აფხაზური სახლის ბაზაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და გარანტირებული მეორე სახელმწიფო ენის შესწავლის, დაცვისა და განვითარებისათვის. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ ისაუბრა.
ნესტან კირთაძემ 17 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე და თარიღია.
"ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან და გამოვხატავთ უდიდეს ნებას, რომ ამიერიდან 27 სექტემბერი იქცეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისა და ურთიერთობების განახლების დღედ", - აღნიშნა კირთაძემ.
"ლეიბორისტები" გამოდიან სამშვიდობო ინიციატივით, რომ შეიქმნას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი, როგორც სამშვიდობო ინსტიტუცია და კერა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგისათვის, ჰუმანიტარული ურთიერთობებისათვის, ტრადიციებისა და კულტურული საფუძვლების განახლებისათვის, პრობლემების განსჯისა და მათი ერთობლივად გადაწყვეტისათვის.
"გაუწყებთ კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომ ქართულ-აფხაზური სახლის ბაზაზე დაიწყოს ზრუნვა აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და გარანტირებული მეორე სახელმწიფო ენის შესწავლის, დაცვისა და განვითარებისათვის. გვინდა დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს და სხვა სამშვიდობო ინიციატივები უცილობლად განხორციელდება", - აღნიშნა კირთაძემ.
კირთაძის მტკიცებით, შეხვედრები სოხუმისა და ცხინვალის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან აუცილებლად შედგება და ეს მოხდება საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსების მოღვაწეობით, როგორც ქართული, ასევე, აფხაზური და ოსური მხრიდან.
"ამ განცხადებით მოგმართავთ საქართველოს ოპოზიციური "ლეიბორისტული პარტიის" სახელით, ათეულ ათასობით ჩვენი ამომრჩევლისა და მხარდამჭერის სახელით, და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებით მოგმართავთ ჩვენი ერებისა და ხალხების მომავლის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის მანდატით", - აღნიშნა კირთაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნდობის მოპოვება და ერთმანეთთან საუბარი.
"ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს; გავუფრთხილდეთ სამშვიდობო მომავლისაკენ გაჟღერებულ ყოველ სიტყვას და ყოველ ფრაზას, და ხელახლა ვისწავლოთ ერთმანეთის ნდობაც და ერთმანეთთან საუბარიც;მოვამზადოთ საფუძვლები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის, თანაცხოვრების და თანაყოფობის პირველი ნაბიჯებისათვის. ეს გარდაუვალი რეალოობაა. ეს კიდევ უფრო გარდაუვალი ჩვენი მომავალია", _ განაცხადა კირთაძემ.