მსოფლიო გიგანტური ზურმუხტის ბედს ლოს-ანჟელესის უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს. სასამართლოს მოუწევს განიხილოს რამდენიმე ადამიანის სარჩელი, რომელთაგან თითოეული საკუთარ თავს 380 კილოგრამიანი ძვირფასი ქვის მეპატრონედ ასახელებს. ძვირფასი ქვა 10 წლის წინ ბრაზილიის ტერიტორიის შტატ ბაიაშია მოპოვებული.
ბაიას ზურმუხტი ეს არის დაუმუშევებელი ქვა, მუქი ფერის, რომელშიც "ჩამჯდარია მწვანე კრისტალები და თითოეული მათგანის მოცულობა ადამიანის მკლავის ტოლია".
ერთ-ერთი პრეტენდენტი აცხადებს, რომ მან 2001 წელს ზურმუხტი 60 ათას დოლარად იყიდა, ხოლო ამჟამად განძი 372 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ზურმუხტის ისტორია გარკვეული საიდუმლოებებით არის მოცული. მან "მოასწრო" კალიფორნიაში, ნევადასა და ლუიზიანაში "მოგზაურობა". 2005 წელს ის ქარიშხალ "კატრინის" მსხვერპლად იქცა. განძი იმ ბანკის სეიფში ინახებოდა, რომელიც წყლის ქვეშ აღმოჩნდა და მხოლოდ სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი ამოღება. ბოლოს კი ზურმუხტის გაყიდვის მცდელობა ლას ვეგასში პოლიციამ აღკვეთა და ამჟამად ის ლოს-ანჟელესის პოლიციის ოფისში ინახება.