რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ხარჯვითი ნაწილის შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს. გამოძიებაში ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურაცაა ჩართული.
როგორც "რესის" დე ფაქტო გენპროკურორის მოადგილემ ელდარ კოკოითიმ განუცხადა, შეიქმნა უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელის შექმნასაც ხელი რუსეთის გენპროკურორმა იური ჩაიკამ და სეპარატისტების ე.წ. გენპროკურორმა თეიმურაზ ხურგაევმა მოაწერეს. ჯგუფში შესულია როგორც რუსეთის პროკურატურის, ასევე სეპარატისტების წარმომადგენლებიც.
"უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დრო და ადგილი უახლოეს მომავალში გაირკვევა, რის შემდეგაც უკვე ჯგუფი სრულფასოვან მუშაობას დაიწყებს.უკვე გამოკვეთილია პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე განიხილება", - განაცხადა კოკოითიმ.
მისივე თქმით, უწყებათაშორის ჯგუფი გადამოწმებს იმ კონტრაქტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებს, რომელთაც ისინი დღემდე არ ასრულებენ.
"თუ საჭირო გახდა, ჩვენ უკანონოდ დახარჯული სახსრების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ზომებს მივიღებთ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი თანხების უკანონო გაფლანგვის გამო ცხინვალიდან გაიქცა.