ხვალ, 25 სექტემბერს, ავლაბარის რაიონის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 100-მდე ბავშვს ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
აქციისთვის ავლაბარის რაიონში მცხოვრები ის მრავალშვილიანი ოჯახები შეირჩა, რომელთაც 4 ან 4-ზე მეტი შვილი ჰყავთ. ავლაბარში ამ კატეგორიის 23 ოჯახია რეგისტრირებული. სამედიცინო გამოკვლევა 100-მდე არასრულწლოვანს ჩაუტარდება.
პედიატრის, ნევროლოგის, კარდიორევმატოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის გავლის შემდეგ, ბავშვებს სისხლის საერთო ანალიზს აუღებენ და მუცლის ღრუს ექოსკოპიურ და ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევებსაც ჩაუტარებენ.
ბავშვებს ,,ავერსისგან" მედიკამენტებიც დაურიგდებათ. კლინიკამდე ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ავტობუსია გამოყოფილი.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია საკრებულოს თავმჯდომარისა და ავლაბრის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ სამადაშვილის ინიციატივით ეწყობა.