ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"რუსეთის საქართველოში უკანონო შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მე-11 წლისთავზე, ჩვენ ვიხსენებთ მსხვერპლებს და ვდგავართ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით, რომლებიც იცავენ მათ ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.