გაეროს 65-ე ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ბელგიის, ურუგვაის და ესპანეთის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ირანის პრეზიდენტის მოხსენება არ მოუსმენია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც საკუთარი მოხსენების შემდეგ დარბაზი დატოვა.
აჰმადინეჯადმა სიტყვით გამოსვლისას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტერაქტის მოწყობაში აშშ-ს მთავრობის წევრებიც იყვნენ ჩართულნი. ირანის პრეზიდენტის აზრით, შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული ტერაქტით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა მოახერხა.
"ასევე 11 სექტემბრის ტერაქტის მეშვეობით, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლება შეუნარჩუნა სიონისტურ რეჟიმს. ეს იცის ყველამ, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვა კუთხეში", - განაცხადა აჰმადინეჯადმა და დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა "აშშ-ში ტერაქტის დროს 3000 ადამიანი დაიღუპა, რაც მთელმა მსოფლიომ განიცადა, ხოლო ავღანეთსა და ერაყში წარმოებული ომების შედეგად ათასობით ადამიანი მოკლეს, მილიონობით დაშავდა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა".
"კონფლიქტი კი კვლავ ღრმავდება", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
აჰამდინეჯადმე აშშ-ს მთავრობა ფლორიდაში მომხდარი ინციდენტის გამოც გააკრიტიკა, რომლის დროსაც ამერიკელმა პასტორმა მაჰმადიანების წმინდა წიგნის, ყურანის ასლი დაწვა.