საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს ოკუპაციის თემას და აღნიშნა, რომ მოსკოვი 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას უხეშად არღვევს.
"საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თანადგომით, რომელიც იმ დროს ევროკავშირის თავმჯდომარეობდა, ჩვენ გავაფორმეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. რუსეთის არმია არსად წასულა, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება მოითხოვდა. ევროკავშირის მონიტორებს არ შეუძლიათ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, სადაც ადგილი აქვს სამხედრო შეიარაღების ზრდას. ასობით ათასი ადამიანი არის ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, რომელიც რუსულმა მხარემ განახორციელა და ისინი წინააღმდეგობას უწევენ ადამიანებს საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო ამ ხნის განმავლობაში რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს მოთმინებითა და სიმშვიდით პასუხობდა.
"როგორ პასუხობდა საქართველო ამ, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს? ჩვენ ვპასუხობდით მოთმინებითა და სიმშვიდით. ჩვენ სრულად შევასრულეთ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არ გავსულვართ ჩვენი ვალდებულებების ფარგლებს გარეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს ქმედებები კონსტრუქციულია.
"გასულ თვეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა საჯაროდ შეაქო საქართველოს პოლიტიკა, როგორც კონტსრუქციული", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხშირ შემთხვევაში ეს კონსტრუქციულობა საკმაოდ ძვირად უჯდება.
"ცალმხრივი კონსტრუქციულობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქცევით ცივილიზებულად და მოთმინებით. მაშინაც კი, როდესაც მტერი იყენებს ბარბაროსულ მეთოდებს, ან ახორციელებს იმპულსურ და ირაციონალურ პოლიტიკას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მშვიდობა მოითხოვს, რომ ორი მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკებებიდან თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ დამოუკიდებელი გზა მშვიდობისკენ. ეს ცალმხრივი კონსტრუქციულობა დამყარებულია იდეაზე, რომელშიც საქართველოს უმაღლესი ინტერესი არის მშვიდობა და მშვიდობა ერთადერთი გზაა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფოს სტრატეგიაზე, როგორც მშვიდობიანი ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებზე.
"კედელი, რომელიც ჰყოფს საქართველოს, არ დაინგრევა ბომბებით. მაგრამ მოქალაქეების პასუხისმგებლობაა აშენონ თავისუფალი, გაერთიანებული, ქვეყანა მშვიდობიანად, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.