2011-2012 წლებში აჭარამ, შესაძლოა, მედკრუიზის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლოს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დიასამიძემ განაცხადა, აჭარის მთავრობამ ასამბლეის ჩატარებაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
"თუკი მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება და ასამბლეა აჭარაში ჩატარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქვეყნის და კონკრეტულად აჭარის პრომოუშენისთვის. ასამბლეის აჭარაში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველა საკრუიზო კომპანია, ყველა გემთმშენებელი საწარმო და გემის მფლობელი ჩამოვა აჭარაში, ბათუმის პორტს ადგილზე მოინახულებენ და პორტის გამტარუნარიანობასაც დააკვირდებიან", _ განაცხადა დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, საერთაშორისო საკრუიზო ასოციაცია "MEDCRUISE" - ისა და ოდესის პორტის ორგანიზებით, საერთაშორისო საკრუიზო კონფერენცია "BlackSeaCruise" ჩატარდა. კონფერენციის ძირითადი მიზანი შავ ზღვაზე სამგზავრო ტერმინალებისა და საკრუიზო ტურიზმის განვითარებაა. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა საკრუიზო კომპანიებმა: "Carnival Group", "Royal Caribbean International", "MSC Cruises", "Norwegian Cruise Line", "Costa Cruises", "Cunard Line", "Princess Cruises", "Azamara Cruises", "Holland America Line", "Swan Hellenic", "Regent Seven Seas Cruises", "Saga Holidays", "Thomson Cruises", "Seabourn Cruise Line", "Crystal Cruises", "P&O Cruises", "Oceania cruises", "Peter Deilmann Cruises", "Classic International Cruises", "Kristina Cruises", "Compagnie Des Iles Du Ponant", "Silversea Cruises", "Fred. Olsen Cruise Lines", "Hapag-Lloyd Cruises" და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პორტების წარმომადგენლებმა მიიღეს.