საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია და იცის რომ მოლდოველი და უკრაინელი ოლიგარქის შემთხვევას გაიზიარებს. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს „წყალი აქვს შეყენებული“.
“დღეს რაც მოხდა საქართველოში ეს იყო ბოლო წერტილი საქართველოს დამცირების, შეფურთხების საქართველოზე მის სიმბოლიკაზე, მის ღირსებაზე და იმ პოლიტიკის დაგვირგვინება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს ივანიშვილი.მეს არის დამფრთხალი კაცი, რომელმაც ნახა, რომ მისი კოლეგა, მოლდოვის მფლობელი ოლიგარქი პლახატნიუკი გაიქცა, მანამდე პოროშენკო დამარცხდა და მასაც წყალი აქვს შეყენებული და ახლა არი ყველაფერი საზიზღრობის ჩამდენი”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს თავის დახსნის საშუალება არ უნდა მისცეს და გაერთიანდეს არჩევნებისა და მშვიდობიანი გზით მის გასაშვებად, რითვისაც ის მზად არის საქართველოს მოქალაქეებისა და პოლიტიკურ სპექტრის დახმარება გაუწიოს.
„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მას აქედან თავის დახსნის საშუალება, არ უნდა მივცეთ მას მანევრის საშუალება, ახლა ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს. ის ახლა შეეცდება ყველას ცალცალკე ელაპარაკოს და ყველას ცალცალკე თვალი ჩაუკრას. ახლა შეეცდება, როგორც შარშან, პირველი ტურის შემდეგ ალეწილი სახით გამოსვლას, ლუღლუღს და თავის მართლებას. ეს ყველაფერი არის ტყუილი, თქვენ ხომ იცით, რომ ყველა ბოროტების სათავე არის მხოლოდ ერთი - ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. ოლიგარქი ივანიშვილის მოშორების გარეშე საქართველოდან არაფერი არ იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვათ მათ. მაქსიმალურად კონსულტაცია უნდა მოვახდინოთ, ყველა მხრიდან ხალხი უნდა გაერთიანდეს, ყველა მხრიდან ერთმუშტად შევიკრათ და მშვიდობიანად მივაღწიოთ მის ჩამოშორებას და რა თქმა უნდა არჩევნების გზით შემდეგ ხელისუფლების შეცვლას და მთლიანად გადატვირთვას. ეს არის ახლა მთავარი ამოცანა. და ამ საკითხში მე ვარ მზად მთლიანად დაგიჭიროთ მხარი და ასევე ჩავერთო პროცესში იქ სადაც თქვენ ქართველი ხალხი ჩათვლით და პოლიტიკური სპექტრი ჩათვლის ჩემ ჩართვას საჭიროდ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა.
სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.