დღეს, გამოქვეყნდა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიში, რომელიც ასახავს კომიტეტის საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიური ვიზიტის (2010 წლის 5-15 თებერვალი) შედეგებს და შეფასებებს. ამასტან დაკავშირებით, დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ბრიფინგი გამართა.
როგორც სახალხო დამცველმა საუბრისას აღნიშნა, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვიზიტის განმავლობაში საქართველოს მხარემ სრულად ითანამშრომლა კომიტეტთან, მიაწოდა მის წევრებს მოთხოვნილი ინფორმაცია, დაუბრკოლებლად დაუშვა ისინი ყველა დახურულ დაწესებულებაში და მისცა თავისუფლებააღკვეთილ ან თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან კონფიდენციალური გასაუბრების საშუალება, თუმცა სახალხო დამცველისვე განმარტებით, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ თანამშრომლობის პრინციპი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩPთ-ის დელეგაციის ვიზიტის ხელშეწყობით, არამედ გულისხმობს კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
"კომიტეტი დადებითად აფასებს პოლიციის განყოფილებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის აშკარა გაუმჯობესებას, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სარეგისტრაციო ჟურნალების სათანადო წესით წარმოებას, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნას. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის კუთხით ჯერ კიდევ 2007 წლის ვიზიტის დროს მიღწეული პროგრესი შენარჩუნებულია და პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას. კომიტეტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს ამ მიმართულებით არ მოადუნოს ყურადღება და თითოეულ ფაქტზე მოახდინოს სათანადო რეაგირება, ვინაიდან ამ ვიზიტის დროსაც კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისათვის, წამების პრევენციის კომიტეტი არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით.