გურჯაანის რაიონის სოფლებში თურქულით საქონელი იხოცება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზეგაანიდან და ახაშნიდან დაზარალებულმა გლეხებმა აცნობეს. მათი თქმით, დახმარებისთვის ვეტერინარიის ადგილობრივ სამსახურს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
ვეტერინარიის გურჯაანის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ზარდიაშვილი რაიონში თურქულის გავრცელებას არ ადასტურებს. „ოფიციალურად არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თუმცა საშიშროების არსებობის გამო მუკუზანში საქონელი აიცრა. ვაქცინა 700 დოზა იყო და სულ გაიხარჯა, შემიძლია აქტებით დაგიმტკიცოთ", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
სპეციალისტების თქმით, თურქულით ავადდება ყველა წვრილჩლიქიანი ცხოველი, ყველაზე უფრო კი - ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა, ირემი და შედარებით ნაკლებად ამთვისებელია კამეჩი. თურქული თავს იჩენს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ მის აფეთქებას უპირატესად ადგილი აქვს შემოდგომა - ზამთრის პერიოდში. თურქულის ამთვისებელია ადამიანიც, განსაკუთრებით ბავშვი.