სახალხო დამცველი პროკურატურის სამართალწარმოების
გამოსწორებას მოითხოვს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რათა გამოსწორდეს პროკურატურის სამართალწარმოების პრაქტიკა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების ინიცირებაზე უარი გაცემულ იქნას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად - დადგენილების ფორმით.
ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის 18 აგვისტოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულ ნაპო ნადარაიას ადვოკატმა ედიშერ რევიშვილმა.
განცხადებიდან და თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ ადვოკატმა არაერთხელ მიმართა საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 594-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ნაპო ნადარაიას განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რომელზედაც ასევე არაერთხელ ეცნობა უარი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.