უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოულოდნელად გოლოდომორის ფანი გახდა. ასეთი სათაურით მასალას "რეგნუმი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, ყოველგვარი წინასწარი ანონსის და ახსნის გარეშე "1932-33 წლებში უკრაინაში გოლოდომორის" ისტორია და ღინისძიებების შესახებ ინფორმაცია დაიდო, რომელიც გოლოდომორის 75 წლისთავთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს.
"პრეზიდენტის პორტალზე ორი ახალი ჰიპერ-ლინკი გაჩნდა - "უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის" და გოლოდომორის ისტორიის შესახებ. მეორე ლინკის გახსნისას შეგიძლიათ ნახოთ პრეზიდენტის ყველა მიმართვა, მათ შორის გაეცნოთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს, განსაკუთრებით კი სტატიას - ვიქტორ იუშენკო: ეს იყო გენოციდი", - ნათქვამია "რეგნუმის" სტატიაში.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ვიქტორ იანუკვიჩი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს, პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან გოლოდომორის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გაქრა.
ამასთან, 2010 წელს აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იანუკვიჩმა "უკრაინელების გენოციდი" უარყო.
შეგახსენებთ, რომ მასიური შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ გოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.
2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც გოლოდომორი ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.