"ვაშინგტონელი სნაიპერი" ჯონ ალენ მუჰამედი, რომელმაც 10 ადამიანი მოკლა სასიკვდილო ინექციით დასაჯეს. ამის შესახებ ვირჯინიის შტატის სასჯელაღსრულების სამმართველოს წარმომადგენელმა ლევი ტეილორმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯონ ალენ მუჰამედს სიკვდილის წინ არაფერი უთქვამს.
10 ნოემბერს ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა უარი თქვა მუჰამედის შეწყალებაზე, რისი თხოვნითაც მას ნოემბრის პირველ რიცხვებში დამნაშავის ადვოკატმა მიმართა.
ვირჯინიის შტატის კანონის მიხედვით, სკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულებამდე 15 დღით ადრე შესალებლობა ჰქონდა გაეკეთებინა არჩევანი ინექციასა და ელექტროსკამს შორის. თუმცა ტეილორის განცხადებით, მას ასეთი უფლებით არ უსარგებლოა. ასეთ შემთხვევაში კი სასჯელის აღსრულება ინექციის გზით ხდება.
ჯონ ალენ მუჰამედს სასჯელის უმაღლესი ზომა ვირჯინიის შტატის ქალაქ მანასასის ბენზინგასამართ სადგურზე დინა ჰაროლდ მაისერის მკვლელობისთვის მიესაჯა.
თანამზრახველთან, 17 წლის ლი ბოიდონ მალვოსთან ერთად მას რამდენიმე კვირის განმავლობაში შიშის ქვეშ ჰყავდა აშშ-ს დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა. იგი პერიოდულად აწყობდა სროლას ავტოგასამართ სადგურებსა და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. მისი მსხვერპლთა რაოდენობა სულ 10 ადამიანს შეადგენს. 4 ადამიანი დაიჭრა, თუმცა ისინი გადარჩნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობები ხდებოდა ჯონ ალენ მუჰამედის მითითებით, ხოლო ლი ბოიდონ მალვო მისი გავლენით მოქმედებდა.
მალვოს განცხადებით, მათ განზრახული ჰქონდათ აშშ-ს ხელისუფლებისგან მოეთხოვათ რამდენიმე მილონი დოლარი მკვლელობების შეწყვეტის სანაცვლოდ. მალვოს ჩადენილი დანაშაულისათვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.