უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილ საშუალო სადესანტო გემზე "კიროვოგრადზე" ორი საარტილერიო ნაღმი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ოთხი მეზღვაური მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სახმელეთო სამიზნეებისათვის სროლის დროს მოხდა. სწავლება ყირიმის პოლიგონზე "ოპუკზე" მიმდინარეობდა. მძიმედ დაჭრილი მეზღვაურები სევასტოპოლისა და სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტლებში არიან გადაყვანილნი.
აღსანიშნავია, რომ სწავლებებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი ადევნებდა თვალს.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში "კიროვოგრადზე" მომხდარი აფეთქების ფაქტი დაადასტურეს. სამხედრო პროკურატურების ხელმძღვანელმა იური ვიიტეევმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიებას სამხრეთ რეგიონის სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.