მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მომავალ კვირას შვებულებაში გადის. აღნიშნული ინფორმაცია მან ჟურნალისტებთან საუბარში თავად დაადასტურა. "დიახ",_ განაცხადა მან მოკლედ ჟურნალისტის კითხვაზე შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით და ასევე განაცხადა, რომ თავისი დაბადების დღის 21 სექტემბრის გადახდას იგი ავსტრიაში აპირებს.
ამავე დროს იური ლუჟკოვმა განაცხადა ისიც, რომ იმ ფედერალურ ტელეარხებს სასამართლოში უჩივლებს, რომლებმაც ეთერში ისეთი გადაცემები გაუშვეს, რომლებშიც მისი მისამართით მკვეთრი კრიტიკა იყო გამოთქმული.
"უპირველეს ყოვლისა, სამწუხაროდ მე ამ ტალახს მივეჩვიე, რომელიც გარკვეულ ბრძანებებს დაქვემდებარებული მედიიდან მოდის. და მეორე - მე ძალიან მშვიდად ვუჩივლებ მათ სასამართლოში. ეს ჩემი თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა", _ განაცხადა იური ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ რუსულმა ფედერალურმა არხებმა ეთერში გაუშვეს დოკუმენტური ფილმები რომლებიც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვსა და მის მეუღლეს ელენა ბატურინას ეძღვნებოდა და რომლებშიც გამოთქმული იყო მკვეთრი კრიტიკა მოსკოვის მერის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები