მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი შესაძლოა დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აქამდე რუსეთის მთავრობის მეთაური მოსკოვის მერთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარს არ აკეთებდა. თუმცა მრავალი რუსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ პუტინზეა დამოკიდებული მოსკოვის მერის ბედი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს რუსულ ტელეარხი "ნტვ" გეგმავს ფილმის გაშვებას სახელწოდებით "დოროგაია ელენა ნიკოლაევნა". ამჯერად ეს არის ლუჟკოვისათვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა, რადგან ფილმში საუბარი მისი მეუღლის ელენა ბატურინას შესახებ იქნება.
მოსკოვის მთავრობის ლუჟკოვისადმი ლოიალურად განწყობილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ლუჟკოვისა და პუტინის შეხვედრა ეს მართალია მცირე, მაგრამ მაინც რაღაც შანსია ლუჟკოვის თანამდებობაზე დარჩენისა. ლუჟკოვის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მერის პრემიერთან შეხვედრა შეაჩერებს მოსკოვის მერის ირგვლივ არსებულ კატასტროფული მდგომარეობის კიდევ უფრო განვითარებას. ამ დროისათვის ლუჟკოვს მხარს უჭერენ ე.წ. მოსკოვის "ვეტერანები" - დუმის სპიკერი და პარტია "ედიანაია როსიას" ერთ-ერთი ლიდერი ბორის გრიზლოვი.
"იური ლუჟკოვს სჭირდება ისეთი მძიმეწონიანი ადამიანების მხარდაჭერა როგორიცაა მთავრობის მეთაური. მის ადგილას რომ ვიყო შევეხვეწებოდი პრემიერს შემხვდეს", _ აცხადებს დუმის დეპუტატი, პარტია "ედინაია როსიას" წევრი სერგეი მარკოვი.
დღეს მოსკოვის მერს ამგვარი შეხვედრის შანსი აქვს. თუმცა საუბარი არ მიდის სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც შექმნილი მდგომარეობისადმი იქნება მიძღვნილი. ისინი ორივე მონაწილეობას მიიღებენ ფედერაციის გენერალურ საბჭოს დამოუკიდებელი პროფკავშირების საიუბილეო სხდომაში, მაგრამ ცალკე შეხვედრაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ მიდის. წერს "ეხო მოსკვი". ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჟკოვიც და პუტინიც ამ სხდომაზე იქნებიან პროფკავშირების ფედერაციის საბჭოშიც დაადასტურეს.
გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, პრემიერი პრეზიდიუმში იჯდება, მოსკოვის მერი კი დარბაზში. ამავე დროს ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში პრემიერს ცალკე შეხვედრა მოსკოვის მერთან დაგეგმილი არ აქვს. მანვე დასძინა, რომ ამგვარი შეხვედრა მოსკოვის მერთან ასევე არ არის პრემიერის განრიგში, რომელიც რამდენიმე უახლოეს დღეზეა გაწერილი. თუმცა რუსული მედია ასევე დასძენს, რომ "კულუარებში" ერთი-ერთზე საუბარი რა თქმა უნდა შესაძლებლად რჩება.