ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი შესაძლოა გაათავისუფლონ. ეს გადაწყვეტილება ვარშავის საოლქო სასამართლომ გამოიტანა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაკაევი სასამართლოს შენობიდან გამოვიდა და ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად წავიდა.
მათივე ინფორმაციით, ზაკაევი ექსტრადაციის შესახებ გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე დაელოდება. ეს განცხადება ასევე ვარშავის საოლქო სასამართლოში გაკეთდა სადაც დაკმაყოფილებული არ იქნა მოთხოვნა ზაკაევის 40 დღით დაპატიმრების შესახებ.
რუსული მედია ასევე წარს, რომ "ზაკაევი თავისუფალია და მას პოლონეთის ტერიტორიის დატოვება შეუძლია".
"სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, პროკურატურამ შესაძლოა გაასაჩივროს იგი სააპელაციო სასამართლოში", _ განუცხადა რუსულ მედიას საოლქო სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვოიცეხ მალეკმა და დასძინა, რომ ასევე არ არის გამორიცხული, რომ ექსტრადაციის შესახებ საკითხის განხილვის დაწყებისას, რომელიც ჯერ-ჯერობით სასამართლოში არ შესულა, ზაკაევი მოსმენებს დაესწრება.
ამავე დროს პოლონეთის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ "პოლონეთმა პატივი უნდა სცეს ევროკავშირის დანარჩენი წევრების უფლებებს მათ შორის ბრიტანული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უდავოა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ახმედ ზაკაევისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე.
"ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს", _ ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში და ასევე აღნიშნულია, რომ ზაკაევის მიმართ არ იქნება გამოყენებული პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად ისეთები როგორიცაა თავდები და გირაო.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი პოლონელმა სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. რუსეთის ფედერაცია ზაკაევს ტერორიზმში ადანაშაულებს და მის რუსეთში ექსტრადაციას მოითხოვს. ზაკაევი პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად იყო ჩასული.