საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ვიზიტის ბოლოს თელავში დრამატული თეატრის რესტავრირებული შენობა დაათვალიერა. პრეზიდენტმა თელაველებს პირობა მისცა, რომ ქალაქის კულტურული კერა - თეატრი მალე აღდგება.
"აუცილებლად უნდა აღორძინდეს სიმფონიური ორკესტრი და მუსიკალური სკოლა, რადგან ამ მხრივ აქ საკმაოდ დიდი რესურსია და ადგილობრივებს დასაქმების საშუალება ამ მიმართულებითაც უნდა მიეცეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის: თელავის დრამატული თეატრის სარესტავრაციო სამუშაოსთვის თანხა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. დარბაზში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, გაკეთდა საორკესტრო ორმო, რაც თეატრს საოპერო სპექტაკლების მასპინძლობის საშუალებასა მისცემს. შეგახსენებთ, რომ თეატრი კახეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან არსებობს.