თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს ნიკოლოზ ფრუიძეს, ზურაბ ნატროშვილს და ბესარიონ გოცირიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ფრუიძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი თავმჯდომარის უპირობო განთავისუფლება მოითხოვა, ხოლო ნატროშვილის ადვოკატმა გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გატარებული ერთობილივი ღონისძიებების შედეგად, საქართველოს კონტროლის პალატისგან მოწოდებული მასალების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ფრუიძემ სამსახურებრვი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, "დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა საკუთარ კლასელს და ახლო მეგობარს, კომპანია ,,ნ ფარმა+"-ს დირექტორს ბესარიონ გოცირიძეს.
ნიკოლოზ ფრუიძის უკანონო მითითების საფუძველზე, სატენდერო კომისიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, მიანიჭა უპირატესობა შპს ,,ნ ფარმა პლიუსს", რის შედეგადაც 5 ლარად და 80 თეთრად ღირებული პრეპარატი სახელმწიფოს მიერ შეძენილ იქნა სამჯერ მეტ ფასად _ 17 ლარად. მთლიანობაში გაფლანგული და მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700 000 ლარი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიის მიერ უსაფუძვლოდ იქნა დისკვალიფიცირებული ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი სს ,,ჯი პი სი", რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა საქონლის შესყიდვის გაცილებით დაბალი ფასები.
ნიკოლოზ ფრუიძის დანაშაულებრივი ქმედება მოტივირებული იყო ქრთამის აღების ფაქტით, კერძოდ, როგორც შპს ,,ნ ფარმა+"-ის დამფუძნებლის, ზურაბ ნატროშვილის მიერ მიცემული ჩვენებიდან გაირკვა, 2009 წლის აგვისტოში ბესარიონ გოცირიძის შუამავლობით, ზურაბ ნატროშვილმა ნიკოლოზ ფრუიძეს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით გადასცა სოლიდური თანხა. ზურაბ ნატროშვილი დაკავებულია ეჭვმიტანილის სახით, ხოლო ბესარიონ გოცირიძის ადგილსამყოფელი ამჟამად დგინდება.