აშშ იმედოვნებს, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მომავალში არ მიმართავს სამხედრო ქმედებებს. ასეთი კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა ყვითელ ზღვაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედრო კატარღებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები შეიძლება განხილულ იყოს, როგორც რეგიონში ვითარების ესკალაცია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კატარღამ დაარღვია საზღვარი, რის გამოც სამხრეთ კორეის მხარემ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რასაც თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის კატარღიდანაც უპასუხეს.
ამერიკული მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინციდენტი სამხრეთ კორეაში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტამდე (19 ნოემბერი) რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ობამას სეულში ვიზიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შექმნილი ვითარება იქნება.