პოლონეთი ახმედ ზაკაევთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მიიღებს. ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
"ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ისევე როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სამართლიანად მივიღებთ და არ ვაპირებთ ვინმეს მოლოდინების გამართლებას, ვინც არ უნდა იყოს ის", _ განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ პოლონეთი "თავის საკუთარ პოლიტიკას აწარმოებს ჩეჩნეთთან და ზაკაევთან მიმართებაში".
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პროკურატურამ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი დღეს დააპატიმრა. ზაკაევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი პროკურატურაში მიდიოდა. პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, რომელსაც ახმედ ზაკაევი უნდა დასწრებოდა.