პოლონეთის პროკურატურამ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი დააპატიმრა. ზაკაევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი პროკურატურაში მიდიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ახმედ ზაკაევის პოლონეთში ყოფნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა ტელეარხმა "ტვნ24"-მა გრიფით "არაოფიციალურად" გაავრცელა.
ტელეარხის ინფორმაციით, ზაკაევმა განაცხადა, რომ მან პოლონეთში ჩასასვლელად ვიზა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესში 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მონაწილეობს. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები. აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ, კრემლი პოლონეთის მთავრობისაგან მის მიერ "ტერორიზმში" ბრალდებული ახმედ ზაკაევის დაპატიმრებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მხარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო ძებნაში მყოფ ახმედ ზაკაევს დააპატიმრებს იმ შემთხვევაში თუკი ის პოლონეთის საზღვარს გადმოლახავს.