კრიმინალური სამყაროს "მეფედ" შერაცხული ასლან უსოიანი მასზე განხორციერლებული თავდასხმის შემდეგ გადარჩა. რია ნოვისტის ინფორმაციით, ასევე ცოცხალია მისი დაცვის წევრიც. შესაბამისი განცხადება მოსკოვის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სავკოვმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 სექტემბერს, 20:00 საათისთვის მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი "დედ ჰასანი" ასლან უსოიანი მოკლეს. "უსოიანი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საავამდყოფოში მიყვანამდე, სასწრაფოს დამხარების მანქანაში გარდაიცვალა".
რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, უსოიანზე თავდასხმა მოსკოვში ტვერის ქუჩაზე მოხდა.
ასლან უსოიანი ამჟამად კრიმინალური სამყაროს "მეფედ" იყო აღიარებული.
მის სახელს უკავშირდებოდა ბოლო დროს ტარიელ ონიანის ოთხი უახლოესი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის საბერძნეთში კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ კიტიას "მახოიას" მკვლელობა.
"მახოიას" მკვლეობას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კიტია, სავარაუდოდ, ტარიელ ონიანისა (ტარო) და ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) კლანების ომის მსხვერპლი გახდა".
ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის კლანებს შორის დაპირისირება ვიაჩესლავ ივანკოვის _ იაპონჩისკის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რომლელსაც მხარს უჭერდა დედ ჰასანი.
კიტია ტარიელ ონიანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური "თანამებრძოლი" იყო, რომელსაც დამნაშავეთა სამყარომ "იაპონჩიკის" მკვლელობის პასუხიმგებლობა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მოტივით 18 მარტს საფრანგეთში 39 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ჯანაშია მოკლეს.
ასლან უსოიანი, 1937 წელს თბილისში დაიბადა. თბილისელი იეზიდი, კრიმინალური მეტსახელი "დედ ჰასანი", წამყვანი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი იყო. ნასამართლევი იყო რვაჯერ მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის მკვლელობებისთვის. მყარი კავშირები გააჩნდა სანკტ-პეტერბურგში, აღმოსავლეთ ევროპაში, ავსტრიაში, აშშ-ში. მისი კლანი აკონტროლებს სათამაშო ბიზნესს - მის მფლობელობაშია რამდენიმე პრესტიჟული კაზინო რუსეთსა და ევროპაში. უსოიანის კლანი აკონტროლებს საბანკო სფეროს, ხე-ტყისა და მეტალის ექსპორტს, ნავთობბიზნესს. დაკავებული იყო იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით. აკონტროლებდა სეიშელის კუნძულების ოფშორულ ზონებს, სამშენებლო ბიზნესს, სასტუმროების ქსელს, უძრავი ქონების ბაზარს და ყველა სხვა იმ ბიზნესს, სადაც შავი ფულის გათეთრებაა შესაძლებელი.
მისი კლანის საკუთრებაშია რამდენიმე ფეშენებლური სახლი მოსკოვსა და პეტერბურგში, ვილები და კოტეჯები აშშ-ში და ევროპაში. უსოიანის რეზიდენცია მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში, საიდანაც ის მართავს თავის კლანის საქმიანობას, რომლის გავლენაც მთელ რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაზე ვრცელდება.
ექსპერტ-კრიმინალისტების ინფორმაციით, ასლან უსოიანის კლანის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ მოსკოვში 25 მილიონი დოლარია, ხოლო მთელი რუსეთის მასშტაბით, 60 მილიონი, აღმოსავლეთ ევროპაში კი, 200 მილიონ ევროს აჭარბებს.
ასლან უსოიანს პირველი სერიოზული კონფლიქტი 1996 წელს ჰქონდა, სომხური ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერთან რუდოლფ ოგანოვთან - რუდიკ ბაკინსკისთან, რომელმაც "ქურდულ სამყაროში" განუკითახაობა შეიტანა და კრასნოდარის მხარეს ავტორიტეტულ ლიდერებთან შეუთანხმებლად აკონტროლებდა. 1997 წლის ნოემბერში "დედ ჰასანის" მიერ მოწყობილ "ქურდულ შეკრებაზე" რუდიკ ბაკინსკის ჩამოართვეს "კანონიერი ქურდის" სტატუსი. ორ კლანს შორის დაწყებულ ომს ოგანოვის მკვლელობით დაესვა წერტილი.
მეორე კრიმინალური ომი 2006 წელს უსოიანისა და ტარიელ ონიანის კლანებს შორის დაიწყო. რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტის დაწყების მიზეზი "ქურდული სამყაროს" მეთაურის შაქრო კალაშოვის დაპატიმრება გახდა. უსოიანი მიიჩნევდა, რომ კალაშოვი დროებით უნდა შეეცვალა ლაშა შუშანაშვილს - "ლაშა რუსთავსკის". ტარიელ ონიანის კლანი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, რაც რუსეთში დაწყებული კრიმინალური ომის საფუძველი გახდა. 2008 წლის 2 მაისს ასლან უსოიანმა მოიწვია "კრიმინალური სამყაროს" ლიდერთა შეკრება, სადაც განიხილეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლის მექანიზმი. სფეროების გადანაწილებისთვის დაწყებული კონფლიქტისას უსოიანის პოზიცია დაიჭირა "კრიმინალური სამყაროს" ლეგენდარულმა ლიდერმა იაჩესლავ ივანკოვმა - "იაპონჩიკმა".
დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის სფეროების გადანაწილებისთვის მიმდინარე ბრძოლამ "ქურდული სამყარო" ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყო. ამ კონფლიქტისას ათეულობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
2008 წლის 8 ივლისს, დაპირისპირებული კლანის მეთაურის - ტარიელ ონიანის მიერ მოწყობილ შეკრებას უსოიანმა და ივანკოვმა იგნორირება გაუკეთეს. თუმცა, შეკრება ისედაც ჩაიშალა, რადგანაც სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშალეს და დააპატიმრეს 33 "კანონიერი ქურდი", რომლებმაც მოგვიანებით ტარიელ ონიანს პრეტენზია წაუყენეს ცუდად ორგანიზებული შეკრებისთვის. მალევე მოკლეს ონიანის კლანის წარმომადგენელი გელა ცერცვაძე, რომელიც ონიანის ბიზნესს მართავდა და თბომავალი, რომელზეც ჩაშლილი შეხვედრა უნდა გამართულიყო არენდით ჰქონდა აღებული. 2009 წლის 22 მაისს თავს დაესხნენ უსოიანის საქმიან პარტნიორს "კანონიერ ქურდს" ანდრეი გოლუბევს - "სკიფს" და კრიმინალურ ავტორიტეტ კორსაკოვს - "კორსაკს". რუსული მედიის ინფორმაციით, ამ მკვლელობებმა პროვოცირება გაუკეთა ორ დაპირისპირებულ კლანს შორის კონფლიქტის სერიოზულ გამწვავებას. გაგრძელება კი, 2009 წლის 28 ივნისს "კრიმინალური სამყაროს" ბოსზე ვიაჩესლავ ივანკოვზე თავდასხმა გახდა. მძიმედ დაჭრილი "იაპონჩიკი" საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ მკვლელობაში რუსული მედია ტარიელ ონიანს ადანაშაულებს.