რუსეთის გენერალური პროკურატურა მიმდინარე წელს კავკასიაში ტერორის ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა ტერორისტული აქტივობა.
მათი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ოთხჯერ მეტი ტერაქტი მოხდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს განცხადება რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ივან სიდორუკმა ნალჩიკში ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
სიდორუკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ჩადენილია ტერორისტული ხასიათის 246 დანაშაული და დივერსიულ-ტერორისტული ხასიათის 37 დანაშაული.
"ეს მთელი რუსეთის დანაშაულის რაოდენობის 76 პროცენტია", _ განაცხადა სიდორუკმა.
მისი თქმით, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფა.
რუსეთის გენპროკურორის მოადგილის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე დაღუპულია 149 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი და დაჭრილია 384.
სიდორუკის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე ნეიტრალიზებულია 167 კავკასიელი მებრძოლი მათ შორის 16 ლიდერი. დაკავებულია 298 მებრძოლი.
"განადგურებულია ბოევიკების 48 ბაზა და 166 სამალავი", _ განაცხადა სიდორუკმა.