მოსკოვში კავკასიელების ჯგუფმა მოსკოველ მილიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ერთი კავკასიელის დაკავებაში შეუშალა ხელი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. რუსული მედიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შს სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ვიქტორ ბირიუკოვი აცხადებს, რომ მილიციელებმა დააკავეს ავტომობილი, რომლის მძღოლი (არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) ვლადიკავკაზის მცხოვრები აღმოჩნდა. კავკასიელმა უარი განაცხადა, მილიციელებისთვის საბუთები ეჩვენებინა და ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე სამართალდამცავს გულმკერდის არეში ჩაარტყა.
შემთხვევის ადგილზე სხვა მილიციელები და დაკავებულის მეგობრებიც გამოჩნდნენ. დამრღვევის დაკავების შემდეგ მილიციელები კავკასიელებმა ალყაში მოაქციეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანამემამულის გათავისუფლებას ეცადნენ.
მილიციელებმა დახმარებისთვის დამატებითი ძალა გამოიძახეს. დამრღვევი დააკავეს. მასთან ერთად ასევე დაკავებული იქნა ინგუშეთის ორი მცხოვრები. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.