"გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი პოლიტიზებული ხასიათისაა", _აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
"საქართველოს მიერ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი პოლიტიზებულ ხასიათს ატარებს, თუმცა ჰააგის მოსამართლეების ობიეტურობის იმედს ვიტოვებ ", _ აცხადებს ლავროვი.
ლავროვი იმედოვნებს, რომ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი ერთმნიშვნელოვანი იქნება.
"იმედი მაქვს, იურისტები საერთაშორისო სასამართლოში, იმ შემთხვევაში თუკი ისინი მიუკერძოებელნი არიან, ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივლენ - მივლენ იქამდე, რომ ეს ყველაფერი (საქართველოს სარჩელი) - პოლიტიკაა და არა მცდელობა იმისა, რომ მიიღო რაღაც სასამართლო განაჩენი", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლავროვის განცხადებით, ამჟამად გაეროს საერთაშორისო სასამართლო იხილავს საკითხს, საერთოდ არის თუ არა იგი უფლებამოსილი ეს სარჩელი განიხილოს.
ლავროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ საერთაშორისო სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ბატონი სააკაშვილის ავანტიურა აღკვეთილ იქნა".
"დასკვნები თავად გააკეთეთ", _ აცხადებს ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ქალაქ ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო განხილვა დაიწყო. განხილვა 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ჰააგის სასამართლოზე ქართულ მხარის უფლებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი იცავს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროდან პროცესს თავად ნინო კალანდაძე ესწრება. საქართველოს ინტერესებს ასევე უცხოელი ადვოკატები - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახავანი დაიცავენ.
საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიმართა და რუსეთი ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულა.