კახეთში რაიონულ სასამართლოებს სარჩელით საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებულმა 45-მა მასწავლებელმა მიმართა. პედაგოგებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" უწევს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების თქმით, დირექტორებმა პედაგოგები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
„საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ" 43-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სკოლების დირექტორების მხრიდან არ არის წარმოდგენილი ვერავითარი საფუძვლიანი და დასაბუთებული არგუმენტი იმისა, რომ მასწავლებლების მხრიდან რაიმე დარღვევას ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი", - განაცხადეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.