ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი პოლონეთში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა ტელეარხმა "ტვნ24"-მა გრიფით "არაოფიციალურად" გაავრცელა.
ტელეარხის ინფორმაციით, ზაკაევმა განაცხადა, რომ მან პოლონეთში ჩასასვლელად ვიზა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიიღო. დამატებითი ინფორმაცია ახმედ ზაკაევის პოლონეთში ყოფნის შესახებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი იხსნება. კონგრესში მონაწილეობას 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მიიღებს მთელი მსოფლიოდან. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები. აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ, კრემლი პოლონეთის მთავრობისაგან მის მიერ "ტერორიზმში" ბრალდებული აზმედ ზაკაევის დაპატიმრებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მხარემ გუშინ ასევე განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო ძებნაში მყოფ ახმედ ზაკაევს დააპატიმრებს იმ შემთხვევაში თუკი ის პოლონეთის საზღვარს გადმოლახავს.