ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაური აჰმედ ზაკაევი პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე ჩასვას მაინც აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ ქვეყანაში ჩასვლას მისი დაპატიმრება მოყვეს. ზაკაევს რუსეთის ფედერაცია "ტერორიზმში" ადანაშაულებს და ყველა ქვეყნის მთავრობისგან სადაც ის ჩავა მის დაპატიმრებას მოითხოვს.
"პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ჩავალ, ჩემთვის არაფერია ცნობილი პოლონეთის მთავრობის მიერ გაცემულ ჩემი დაპატიმრების ორდერზე", _ განაცხადა ზაკაევმა რუსულ მედიასთან საუბარში.
პოლონურმა მხარემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ზაკაევზე გამოცხადებულია საერტაშორისო ზებნა დამ ის მიმართ კანონისა და ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი დღეს პოლონეთში იხსნება. სავარაუდოდ, კონგრესში მონაწილეობას 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მიიღებს მთელი მსოფლიოდან. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები.
აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ, ასევე მასში ლონდონში მცხოვრები ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურის აჰმედ ზაკაევის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. პოლონეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ალექსეევმა კრემლისა და კადიროვის საწინააღმდეგო ამ კონგრესის ჩატარებას "ძალიან საშიში საქმე" უწოდა.
როგორც ჩანს, პოლონურმა მხარემ მოსკოვის გაღიზიანება გაითვალისწინა და განაცხადა, რომ "ზაკაევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული".
2000 წელს ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი კოპენჰაგენში ჩატარდა. მაშინ რუსეთის მთავრობამ დანიის მთავრობას აჰმედ ზაკაევის დაპატიმრება მოითხოვა. ზაკაევი მართლაც დააკავეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან დანიურმა მხარემ ჩათვალა, რომ რუსეთმა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.