სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსულ განწყობას ზღვარი არ აქვს. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ მისცეს ვიზა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ერთ ერთ წევრს სერგეი მარკოვს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვოიაჟები არაერთგზის განახორციელა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, 16-17 სექტემბერს თბილისში იგეგმებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
"რუსული დელეგაციის წევრები საგნობრივი სამუშაოსათვის ემზადებოდნენ, მით უფრო, რომ დღის წესრიგის ერთ ერთ პუნქტად შეტანილი იყო ერთობლივი გზების ძიება ომ პრობლემების გადაწყვეტის საკითხში, რომელიც სტრაზბურგის ასამბლეის წევრთა აზრით არის ქართულ კანონმდებლობაში", _ აცხადებს ნესტერენკო.
მისივე თქმით, რუსული დელეგაციის წევრებმა ადრევე გააფრთხილეს კოლეგები ასამბლეაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხდომის ჩატარება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა ისინი დაარწმუნეს იმაში, რომ ქართული მხარე თავის ვალდებულებებს მკაცრად შეასრულებდა და რუსული დელეგაციის წევრები საქართველოში ჩაფრენისთანავე ვიზებს თბილისის აეროპორტში მიიღებდნენ.
"თუმცა, 10 სექტემბერს ქართულმა მხარემ აცნობა რუსულ დელეგაციას, იმის შესახებ, რომ რუსული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, დუმის დეპუტატს სერგეი მარკოვს ვიზას არ მისცემენ, იმის გამო, რომ იგი ნამყოფია საქართველოს ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
რუსული დელეგაციის წევრთა მიმართ შესაძლო განხორციელებული ახალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის სხვა წევრები იძულებულნი იყვნენ კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ", _ აცხადებს ნესტერენკო.
სერგეი ლავროვის უწყების წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ "ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეალური მიზანი არის აღნიშნულ სხდომაში რუსული დელეგაციის მონაწილეობისათვის ხელის შეშლა, მიუხედავად თავისი საერთაშორისო ვალდებულებებისა.
სამწუხაროდ, თავის ანტირუსულ განწყობაში სააკაშვილის რეჟიმმა ზღვარი არ იცის და მზადაა ამისათვის მსხვერპლად მიიტანოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება", _ აცხადებს ნესტერენკო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს იურიდიული კომისიის სხდომა იმართება. სხდომა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გახსნა.
ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთი დელეგაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუმარტა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში პირი ჩრდილოეთიდან, ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევა, იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაიშვება.
"რუსეთის დუმის დეპუტატები, მარკოვი და სხვები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არაერთხელ იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩვენ მათ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დავუშვებთ. აღნიშნული შესახებ რუსულ მხარეს წერილობითი განმარტება უკვე მივეცით", - განაცხადა მინაშვილმა.
ევროსაბჭოს იურიდიული კომისიის სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს იმართება. სტუმრებისთვის ოფიციალური პროგრამის გარდა დაგეგმილია კულტურული პროგრამაც _ კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალიერება.